GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 მაისი, 2019

2019 წლის 30 მაისს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორმა, ნინო ნიჟარაძემ (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ,,რუსთავი 2“-ის, ,,რუსთავი 2“-ის პარტნიორების - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ,,რუსთავი 2“-ის დირექტორის - ნიკა გვარამიას და შპს ,,ინტერმედიის“ წინააღმდეგ.

საიამ შეისწავლა სასამართლოში წარდგენილი სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ  საქმე ერთ ნაწილში უნდა შეწყვიტოს, ხოლო მეორე ნაწილში ნინო ნიჟარაძე არასათანადო მოსარჩელეა. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2017 წლებში ,,რუსთავი 2-“ის საქმის განხილვის პროცესი თავიდანვე აჩენდა კითხვებს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და ცალსახად ტოვებდა აღქმას, რომ ამ საქმის შედეგთან მიმართებით არსებობდა ხელისუფლების დაინტერესება (რაც თავისთავად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეს ეჭქვეშ აყენებს), უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რომლის თანახმად ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს ,,რუსთავი 2“-ის წილის მესაკუთრეს. დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნით და ნინო ნიჟარაძე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება პარტნიორად, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს საჩივარს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განახლდება საქმის განხილვა და დადგინდება, რომ ნინო ნიჟარაძე არის წილის მესაკუთრე.  

საყურადღებოა ისიც, რომ ნინო ნიჟარაძის მიერ წარდგენილი სარჩელით და მტკიცებულებებით არ დასტურდება ,,რუსთავი 2“-ის პარტნიორების მხრიდან წინასწარი შეთანხმებული მოქმედება მოსარჩელისთვის ზიანის მისაყენებლად და ასევე არ არის დასაბუთებული მათი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი. აგრეთვე დაუსაბუთებელია ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოსარჩელის მსჯელობა, რადგან იგი ემყარება ძველ ხელშეკრულებებს და არა ექსპერტის ობიექტურ შეფასებას. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ საგადასახადო დავალიანება მოპასუხეთა ბრალით წარმოიშვა, სარჩელში მითითებული მსჯელობა ზოგადია და სავარაუდო გარემოებებს ეყრდნობა. ხოლო რაც შეეხება შპს „ინტერმედიასთან“ დადებული ხელშეკრულების ბათილობას და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას, გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდა ზიანის ოდენობის დათვლა, წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ვერც გარიგების კანონსაწინააღმდეგობას და ვერც ,,რუსთავი 2“-ისთვის ზიანის მიყენების ფაქტს.

 

რას ითხოვს ნინო ნიჟარაძე

სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე ითხოვს:

- ბათილად იცნოს ,,რუსთავი 2“-ის 2015 წლის 3 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი, რომლითაც მას უარი ეთქვა ტელეკომპანიაში მისი კუთვნილი 9% წილიდან 4% წილის შპს „თრეიდინგ თრასთზე“ გასხვისებაზე;

- წილის გასხვისებაზე უარის თქმის გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებისთვის (ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და შპს „ტელეკომპანია საქართველო“) ნინო ნიჟარაძის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 1 490 000 ლარის ოდენობით;

- ტელეკომპანიისთვის სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების დაგროვების გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებისთვის (ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი, შპს „ტელეკომპანია საქართველო“), ასევე ნიკა გვარამიასათვის ტელეკომპანიის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 15 000 000 ლარის ოდენობით;

- ბათილად იცნოს ,,რუსთავი 2“-სა და შპს „ინტერმედიას“ შორის დადებული ხელშეკრულება სარეკლამო დროის ექსკლუზიურად გაყიდვის შესახებ;

- შპს „ინტერმედიისთვის“ სარეკლამო დროის ექსკლუზიურად გადაცემის გამო, ტელეკომპანიის პარტნიორებისთვის (ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი, და შპს „ტელეკომპანია საქართთველო“) და ნიკა გვარამიასათვის ტელეკომპანიის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 11 936 935 ლარის ოდენობით.

აღნიშნული მოთხოვნების სამართლებრივი შეფასებისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს ტელეკომპანიის წილებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით 2015-2017 წლებში მიმდინარე სასამართლო დავაზე, რომლის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გრძელდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ტელეკომპანიის პარტნიორების - ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ და ნინო ნიჟარაძის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და 60% წილის მესაკუთრედ იცნო ქიბარ ხალვაში, ხოლო 40% წილის მესაკუთრედ - შპს „პანორამა“. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 3 მარტს მისი აღსრულება ჯერ დროებით, 8 მარტამდე,  ხოლო 7 მარტს - საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში განხილვა არ დასრულებულა.

 

აქვს თუ არა ნინო ნიჟარაძეს სარჩელის აღძვრის უფლება

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დავა გრძელდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, ნინო ნიჟარაძეს აქვს თუ არა  სარჩელი აღძრას უფლება.

წილის გასხვისების აკრძალვის გამო ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია წაეყენოს მოპასუხეს იმ შემთხვევაში, თუ პირი არის ან იყო საზოგადოების პარტნიორი და სხვა პარტნიორის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ მას ზიანი მიაყენა. შესაბამისად, თუ ნინო ნიჟარაძის წილის შეძენა უკანონოდ ჩაითვლება, მას დაეკარგება ამ წილთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნის უფლება და არ იარსებებს მასსა და სხვა პარტნიორებს, ასევე, საზოგადოებას შორის კორპორაციულ სამართლებრივი ურთიერთობა.

რაც შეეხება სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც  საგადასახადო დავალიანების დაგროვების გამო პარტნიორებისა და დირექტორისთვის ,,რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ეხება, ამ შემთხვევაში, საზოგადოების პარტნიორის არაპირდაპირი (დერივაციული) სარჩელის აღძვრის წინაპირობაა, რომ მოსარჩელე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების მომენტში იყოს საზოგადოების პარტნიორი, რაც ასევე დამოკიდებულია იმაზე, ჩაითვლება თუ არა მოსარჩელისა და მოპასუხის მხრიდან ტელეკომპანიის წილების შეძენა კანონიერად.

თუ მოსარჩელე არ ჩაითვლება ტელეკომპანიის პარტნიორად ზიანის სავარაუდოდ მიყენების პერიოდში, ის ვერ ჩაითვლება დერივაციული სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირად და შესაბამისად, სათანადო მოსარჩელედ.[1]

სარჩელის მესამე ნაწილი ასევე წარმოადგენს პარტნიორის მხრიდან აღძრულ არაპირდაპირ (დერივაციულ) სარჩელს, რა შემთხვევაშიც ასევე გამოიყენება სარჩელის მეორე ნაწილთან წაყენებული წინაპირობები.  

შესაბამისად, ტელეკომპანიის წილების ფლობის კანონიერების შემოწმება და მათი ნამდვილი მესაკუთრის საბოლოოდ განსაზღვრა, მჭიდროდაა დაკავშირებული ნინო ნიჟარაძის სარჩელთან და მათი განცალკევებულად განხილვა წარმოუდგენელია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნინო ნიჟარაძე არ არის ტელეკომპანიის წილის მესაკუთრე, შესაბამისად, მისი მხრიდან მის მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს დავის საგანი, რის გამოც, სასამართლომ ამ ნაწილში უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება,[2] ხოლო საზოგადოების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს.[3]

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს საჩივარს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოუწევს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო[4] განაახლოს საქმე და ხელახლა იმსჯელოს ტელეკომპანიის წილების მესაკუთრეების ვინაობის დასადგენად. ამდენად, საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტამდე, თუ სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ნინო ნიჟარაძე იყო ტელეკომპანიის პარტნიორი, ის ვერ შეძლებს მითითებული მოთხოვნებით სარჩელის აღძვრას.  

 

ნინო ნიჟარაძის პირველი და მეორე მოთხოვნების დასაბუთებულობა

სარჩელის პირველ და მეორე მოთხოვნებთან დაკავშირებით, ნინო ნიჟარაძე მიუთითებს, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს შპს „თრეიდინგ თრასთისგან“ მიიღო შეთავაზება, 1 600 000 ლარად გაეყიდა ტელეკომპანიის კაპიტალში არსებული 9% წილიდან 4%. მან მიმართა ტელეკომპანიის პარტნიორებს წილის გასხვისებისათვის თანხმობის მისაღებად, მაგრამ 2015 წლის 3 თებერვლის სხდომაზე წილის გასხვისებაზე უარი ეთქვა. ნინო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ პარტნიორებმა გამოიყენეს დომინანტური მდგომარეობა, წილის გაყიდვაზე უარი იყო დაუსაბუთებელი და პარტნიორებს არ გააჩნდათ უარის თქმის ლეგიტიმური მიზანი.

დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედი პარტნიორთა ჯგუფი, რომელსაც აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე. დომინანტი პარტნიორების მიერ დომინანტური მდგომარეობის კომპანიის საზიანოდ განზრახ გამოყენება იწვევს შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას.[5]  

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ერთი გადაწყვეტილების გარშემო გაერთიანებული პარტნიორთა ჯგუფი, თუმცა იმისათვის, რომ ისინი ჩაითვალონ ერთად მოქმედ პარტნიორებად, უნდა დადგინდეს მათი წინასწარი განზრახვა ერთად მოქმედებაზე და მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს ამგვარი მოქმედებით ნინო ნიჟარაძისათვის ზიანის მიყენების მიზანი.

საკორპორაციო სამართალში მოქმედი პრეზუმფციის (ვარაუდის) მიხედვით, პარტნიორები და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირები მოქმედებენ კეთილსინდისიერად, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მანამდე, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება. პრეზუმფციის მიზანია, მხარეებს განუსაზღვროს საქმის ცალკეულ გარემოებასთან დაკავშირებული, მტკიცებულებების წარმოდგენის ამოცანა და დაადგინოს, რომელი მხარე იქნება გათავისუფლებული ამ გარემოების დადასტურებისგან, ან მტკიცებულების წარმოდგენისგან. პრეზუმფცია მიუთითებს იმაზე, თუ ვის საწინააღმდეგოდ გადაწყდება საკითხი, თუ არ წარმოადგენს მტკიცებულებას და ამგვარად ანაწილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს.[6] საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.[7] აღნიშნულიდან გამომდინარე, ნინო ნიჟარაძეს ეკისრება ზემოთ მითითებული ფაქტების დამტკიცების ტვირთი.

მოცემულ საქმეზე უნდა შემოწმდეს არა უარის თქმის დასაბუთებულობა, არამედ მოქმედებდნენ თუ არა პარტნიორები წინასწარი შეთანხმებით და ჰქონდათ თუ არა მათ უფლების ბოროტად გამოყენების განზრახვა ნინო ნიჟარაძისათვის ზიანის მისაყენებლად. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელს ეკისრება მტკიცების ტვირთი, ნინო ნიჟარაძე სარჩელში მხოლოდ ზოგადი მითითებებით შემოიფარგლება და სარჩელს არ ერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

გამოიყენეს თუ არა  მოპასუხეებმა უფლება ბოროტად

ნინო ნიჟარაძე სარჩელში უთითებს, რომ მოპასუხეთა წარმომადგენელი იმ შემთხვევაში იყო თანახმა მიეცა წილის  გასხვისებაზე თანხმობა, თუ ნინო ნიჟარაძეც მისცემდა მოპასუხეებს ანალოგიურ თანხმობას.

2015 წლის 3 თებერვლის საერთო კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის პირველ საკითხს წარმოადგენდა ,,რუსთავი 2“-ში შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ წილის გასხვისებაზე თანხმობა, რაზეც ნინო ნიჟარაძემ უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხეებმაც უარი უთხრეს ნინო ნიჟარაძეს წილის გასხვისებაზე. საერთო კრებაზე მოპასუხეების წარმომადგენლის (ნიკა გვარამიას) გამონათქვამი მიემართებოდა იმას, რომ წილის გასხვისების საკითხზე გადაწყვეტილება ერთმანეთისთვის თანხმობის მიცემის გზით იქნებოდა შესაძლებელი. ამდენად, ნინო ნიჟარაძე უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევს იმ უფლებით სარგებლობას, რომლითაც ამავე კრებაზე თვითონაც ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, შპს „თრეიდინგ თრასთი“ დარეგისტრირდა 2014 წლის 22 ოქტომბერს,[8] მისი ერთადერთი პარტნიორი და დირექტორი არის ნიკოლოზ ჩიქოვანი. აღნიშნულმა კომპანიამ ,,რუსთავი 2-“ ის წილის შეძენაზე შეთავაზება გააკეთა 2014 წლის 25 ნოემბერს, რეგისტრაციიდან ერთ თვეში. ,,რუსთავი 2“ არის დახურული ტიპის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სადაც პარტნიორის შესვლა შეზღუდულია წილის გასხვისების შეზღუდვის გზით. ასეთი ტიპის საზოგადოებებში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა კაპიტალის შემოდინებას, როგორც ეს ღია კაპიტალურ საზოგადოებებშია, არამედ ახალი ინვესტორის ვინაობას და მისაღებობას არსებული პარტნიორებისთვის. ასეთ საზოგადოებაში პირის პარტნიორად მიღება დაკავშირებულია როგორც ქონებრივ ვალდებულებებთან, ასევე ახალ პარტნიორს ერთგულების მოვალეობასაც ავალდებულებს, ამასთანავე, მას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომლებიც შეიძლება სხვა პარტნიორების უფლებათა შემზღუდველი იყოს (მაგ. წილის თავისუფლად გასხვისებაზე თანხმობა). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ,,თრეიდინგ თრასთთან“ დაკავშირებით ფიქსირდება ერთადერთი აქტივობა - 2014 წლის 22 ოქტომბრის რეგისტრაცია, ასევე, სარჩელზე დართული დოკუმენტებით არ დასტურდება ამ კომპანიის ფინანსური მდგრადობა. შესაბამისად, საეჭვო ან მიუღებელი ინვესტორის დახურული ტიპის შპს-ში შესვლის შეზღუდვა პარტნიორების მხრიდან, არ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას.

 

როგორ განისაზღვრება ზიანის ოდენობა

ნინო ნიჟარაძე წილის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს შპს „თრეიდინგ თრასთის“ შეთავაზების და წილის ნასყიდობის შესახებ 2012 წლის 9 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების (ამ ხელშეკრულებით ლევან ყარამანაშვილმა შეიძინა საზოგადოების წილი) საფუძველზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით, 4% წილის გასაყიდი ფასი იყო 50 000 დოლარი, შპს „თრეიდინგ თრასთი“ კი სთავაზობდა 1 600 000 ლარს, რაც შეძენის დროინდელ ფასზე 1 490 000 ლარით მეტია.

კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და განსაზღვრონ მისი შინაარსი, მათ შორის, ფასი.[9] პირებს შორის დადებული ხელშეკრულება არ არის საბაზრო ფასის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, ის წარმოადგენს ორ პირს შორის შეთანხმების საგანს და შესაძლოა რამდენჯერმე აღემატებოდეს ან მცირე იყოს საბაზრო ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ მეთოდით ვერ ხდება წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და საჭიროებს  საექსპერტო შეფასებას.

 

საფუძვლიანია თუ  არა მოთხოვნა სარეკლამო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე

ნინო ნიჟარაძე ითხოვს ,,რუსთავი 2“-სა და შპს ,,ინტერ მედიას“ შორის დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოპასუხეების მხრიდან ,,რუსთავი 2“-ისთვის განზრახ ზიანის მიყენების საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ მხარე არ უთითებს კონკრეტულ ხელშეკრულებას.

ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ,,რუსთავი 2“-ს შპს ,,ინტერ მედიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით 10 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ზიანის მიყენების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი იყენებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზს,[10] სადაც საუბარია, რომ 2015 წლის მეოთხე კვარტალში ,,რუსთავი 2“-ს შეეძლო სულ მცირე 10 მილიონი ლარით მეტი სარეკლამო შემოსავლის მიღება. მოპასუხე - შპს ,,ინტერ მედია“ (ს/კ 400228650) დაფუძნდა 2018 წლის 31 იანვარს, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ მტკიცებულებაში კი საუბარია 2015 წელს მიყენებულ შესაძლო ზიანზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელე მხარე უთითებს დირექტორის ნიკა გვარამიას შეზღუდულ უფლებამოსილებაზე ხელშეკრულების გაფორმების დროს, რის თაობაზე ცნობილი იყო შპს ,,ინტერ მედიასთვის.“ მისი განცხადებით მოპასუხეები განზრახ მოქმედებდნენ კომპანიისთვის ზიანის მიყენების მიზნით, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება სარჩელს თან არ ერთვის.

 

დასაბუთებულია თუ არა სარეკლამო შემოსავლების შემცირებისა და უფასო პოლიტიკური რეკლამის სარეკლამო დროის გაზრდის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 

ნინო ნიჟარაძის მითითებით, ,,მაჟორიტარი პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, სარეკლამო დროის ექსკლუზიურად გაყიდვის უფლება გადაეცა შპს ,,ინტერმედიას“, აღნიშნულმა გარიგებამ სარეკლამო ბაზარზე შემოსავლების გადანაწილების იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რომ გახდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესწავლის საგანი.“ კომისიის ანალიზით ,,რუსთავი 2“-ს სულ მცირე 10 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი უნდა მიეღო სარეკლამო შემოსავლებიდან. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის მიერ დეკლარირებული სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა მის მიერ გაყიდული რეკლამის მოცულობა.

სასამართლოში წარდგენილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, შეეძლო თუ არა ტელეკომპანიას 10 მილიონი ლარით მეტი შემოსავლის მიღება. ანალიზში კი მხოლოდ ის ჩანს, რომ სარეკლამო დროის ოდენობა არ შემცირებულა, ხოლო მაუწყებლის შემოსავალი შემცირდა, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელს შეეძლო 10 მილიონის მიღება.

ამავე სასარჩელო მოთხოვნაში ასევე მითითებულია, რომ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების დაუსაბუთებელი გაზრდით მან მიიღო 1,936,935.00 ლარის ზიანი.

უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების გაზრდა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საარჩევნო კოდექსი ადგენს, რომ  მაუწყებელს უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს 90 წამს.[11] კანონის ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას ახდენს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომისიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვეტილება არ მიუღია.

ზიანის ოდენობა (1,936,935.00 ლარი) ნინო ნიჟარაძეს დათვლილი აქვს სავალდებულო ლიმიტებს მიღმა დათმობილი პოლიტიკური რეკლამის სავარაუდო ღირებულებით. თუმცა, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ ის, რაც განთავსდა როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამა, განთავსდებოდა თუ არა როგორც ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და მიიღებდა თუ არა ,,რუსთავი 2“ ამ შემოსავალს.

 


[1] მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[2] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი.

[4] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.

[5] „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი.

[6] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის №ას-872-830-2013 განჩინება.

[7] საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის №ას-711-670-2011 განჩინება.

[8] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის B14103708/3 გადაწყვეტილება.

[9] საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება.

[10] კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი, ხელმისაწვდომია: http://gncc.ge/uploads/other/3/3001.pdf  [ნანახია:16.05.2019].

[11] საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-6 პუნქტი.

სხვა სიახლეები