სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას პასუხი ცესკოს თავმჯდომარეს

2018-08-21 18:10
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებას, რომლითაც მან საიას კვლევას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თემაზე „არასერიოზული“ და „არაპროფესიონალური“ უწოდა.[1]

სამწუხაროა, რომ თამარ ჟვანიამ დაარღვია „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი.“

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ავალდებულებს პატივი სცეს კანონს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ასევე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას იყოს ტაქტიანი და კრიტიკა, რომელსაც ის გამოხატავს, იყოს დასაბუთებული.

ეთიკის კოდექსი ცესკოს თავმჯდომარეს ასევე ავალდებულებს, რომ მან საკუთარი საქმიანობისას ხელი შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში, იყოს  კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას.

საია წლებია აკვირდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს და საუბრობს ამ პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი გადაჭრის გზებზე.[2]

გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ კვლევაზე მუშაობისას, საიამ თხოვნით მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეხვედრა მოითხოვა.   ცესკოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა შეხვედრაზე. ცესკომ არჩია, რომ საჯარო განცხადებით შემოფარგლულიყო, რომელშიც, უნდა აღინიშნოს, რომ ვერ დაასაბუთა ჩვენს კვლევაში წარმოდგენილი ინფორმაციის მცდარობა.

საია მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას და მის ხელმძღვანელს საქმიანობის განხორციელებისას იყოს კორექტული და კრიტიკული მოსაზრებები დაასაბუთოს. 

 


[1] http://rustavi2.ge/ka/news/111754

[2] https://gyla.ge/ge/post/saia-saolqo-saarchevno-komisiebis-shesarchev-konkurss-afasebs#sthash.3mqLU8g8.dpbs