GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 თებერვალი, 201510:50

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).

მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად და დაწყებული რეფორმების წარმატების განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნას პრინციპული, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, ვინც შეძლებს სასამართლო სისტემის დაცვას პოლიტიკური თუ სხვა სახის არასათანადო გავლენებისაგან და იბრძოლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატია და სათანადო რეპუტაციით სარგებლობს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე სამოქალაქო სექტორში.
 
საია ასევე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კანდიდატის შერჩევა პრეზიდენტის მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით განხორციელდა. ამ პროცესში ყველა მსურველს ჰქონდა კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა, ასევე წინასწარ იყო ცნობილი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტი შეარჩევდა პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს.
 
იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში კანდიდატურის განხილვის პროცესი ასევე წარიმართება გამჭვირვალედ, აქტიურ ფორმატში და პროცესის გაჭიანურების გარეშე, ხოლო საპარლამენტო პოლიტიკური ძალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული და დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე, რათა თავმჯდომარის არჩევის პროცესმა საზოგადოებას განუმტკიცოს ნდობა და პატივისცემა როგორც სასამართლო სისტემის, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მიმართ. 
 

სხვა სიახლეები