სიახლეები
დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. ეს უკანასკნელი საიამ უარყოფითად შეაფასა.1
საერთო ჯამში, ცვლილებების შედეგად, 2025 წლიდან ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებზე თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა განისაზღვრება 3:2 პროპორციით (ნაცვლად 4/1-ისა), ხოლო თბილისში — 1/1 პროპორციით (ნაცვლად 4/1-ისა).2 სხვა მუნიციპალიტეტებში პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრთა რაოდენობა იქნება 15, ხოლო მაჟორიტარი წევრები აირჩევიან ფარდობითი უმრავლესობის პრინციპით, საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე (ნაცვლად 2/1-ის პროპორციისა).3 ამასთან, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრებისთვის საარჩევნო ბარიერი გაიზარდა და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-ისა რეგიონებში, თბილისში კი 2.5%-ისა).4
2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების5 შედეგად შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩო პროპორციებს შემდეგნაირად განსაზღვრავდა: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების შეფარდება ხუთ თვითმმართველ ქალაქში იყო 4/1 პროპორციულის სასარგებლოდ, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში - 2/1.6 პროპორციულ ნაწილში ბარიერი თბილისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში 3%-ს შეადგენდა, დედაქალაქში კი - 2.5%-ს.7 საკრებულოს წევრი მაჟორიტარების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში განისაზღვრებოდა ამომრჩეველთა კანონით გათვალისწინებული რაოდენობის პროპორციულად,8 ხოლო მათ ასარჩევად დაწესებული იყო 40%-იანი ბარიერი.9
2024 წლის გაზაფხულზე საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით გაუქმდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერი და საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურების გამართვის შესაძლებლობა. დღეს, საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილ ხმას მიიღებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ამ ცვლილების მიზეზად მეორე ტურების ჩატარების გამო საკრებულოს სწრაფად დაკომპლექტებისა და მათი ეფექტური საქმიანობის ხელშეშლა დასახელდა. ამასთან, ინიციატორები ამ ცვლილების მიზნად ისეთ არგუმენტებს იშველიებდნენ, როგორიც იყო მეორე ტურების გამართვასთან დაკავშირებული ფინანსური რესურსების დაზოგვა.
ამრიგად, შემოთავაზებული ცვლილებებით მუნიციპალურ არჩევნებში მაჟორიტარული კვოტით ასარჩევი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან გაუარესებასთან. კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, რეგიონებზე პოლიტიკური და ელექტორალური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რეგიონალურ ელიტებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის ჩატარების გარეშე კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე - ხალხის წარმომადგენლად შესაძლოა არჩეულ იქნეს კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც ბევრად უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. შედეგად, კიდევ უფრო მეტია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემის (თუნდაც მაჟორიტარულის სხვა სახეობის) შემთხვევაში.
საერთო ჯამში, ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.
1„საიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე მოსაზრებები წარადგინა“, 2024 წლის 1 აპრილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/saiam-saqartvelos-saarchevno-kodeqsshi-shesatani-cvlilebebis-taobaze-mosazrebebi-tsaradgina, განახლებულია:19.12.24.
2 ამჟამად დედაქალაქის 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 - მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილების შედეგად, თბილისის საკრებულო კვლავ 50 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნ ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
3 „იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა“, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური ვებგვერდი, 2024 წლის 11 დეკემბერი, ხელისაწვდომია: https://1tv.ge/news/iuridiul-sakitkhta-komitetma-saarchevno-kodeqsshi-cvlilebebi-pirveli-mosmenit-dachqarebuli-wesit-ganikhila/, განახლებულია: 19.12.2024.
4 იქვე
5 „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ოფიციალური ვებგვერდი, 19.04.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3frBggU, განახლებულია: 18.12.24.
6 საქართველოს საარჩევნო კოდექსის №1 დანართი, თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით არჩეული შემადგენლობები.
7 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 148-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
8 თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოს სამი წევრი აირჩევა. სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება ოთხი წევრი, ხოლო თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს ხუთი წევრი აირჩევა.
9 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
გააზიარე: