GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 სექტემბერი, 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ამ დროისათვის იკვეთება, შეეხება  საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან გათავისუფლების ფაქტებს. ამ დროისათვის, საიას იდენტიფიცირებული აქვს 4 საქმე, რომლებშიც იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური/განსხვავებული შეხედულებების ნიშნით. 


იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე ან „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს. კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს აქვს უფლებამოსილება, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თავად დანიშნოს დირექტორი. მოქმედმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ერთ-ერთი ბოლო კონკურსის გამოცხადების წინ, 2023 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ იგი დისკრეციულ უფლებამოსილებას ამჯერად არ გამოიყენებდა და სამინისტროს „გემოვნებას თავს არ მოახვევდა“ სკოლებს 2. დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული 3 .  შესწავლილი საქმეებიდან ორ შემთხვევაში, სკოლების დირექტორების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ 2024 წელს გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა, კონკურსის ეტაპზე კომისიაზე გასაუბრების შემდგომ, მათი კანდიდატურები არ წარედგინა სამეურვეო საბჭოებს. საყურადღებოა, რომ მათ პოზიციებზე განმწესებულმა ახალმა დირექტორობის კანდიდატებმაც ვერ მოიპოვეს სკოლების სამეურვეო საბჭოების მხარდაჭერა 4. შესაბამისად, ძველი დირექტორები აგრძელებდნენ დირექტორის უფლებამოსილებებს. 2024 წლის აგვისტოში, სამივე მათგანი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან და მათ ნაცვლად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, დანიშნა ახალი დირექტორები. სამივე გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პოზიციიდან დათხოვნის რეალური მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი მათი შეხედულებები იყო. 


საიას მიერ შესწავლილი მეოთხე შემთხვევა შეეხება სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან 1 პირის გათავისუფლებას 5. მოცემულ შემთხვევაში, გათავისუფლებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა. ამის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს,  გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერა „ურჩია”. ამავე საუბარის დროს მან ყურადღება გაამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებზე მის რეაქციებზე. მან არ დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, რის შემდგომაც ის რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. პირის გათავისუფლება მისი კრიტიკული მოსაზრებების ფონზე, და როდესაც მისი თქმით, რეორგანიზაციის კადრების შემცირება არ მოჰყოლია, ასევე, პოზიცია არ გაუქმებულა და მოხელის კომპეტენციაც ეჭვქვეშ არ დამდგარა, საფუძვლიან ეჭვებს აჩენს განსხვავებული მოსაზრებების  ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საიას მიმართული აქვს შესაბამისი დაწესებულებებისათვის.


საიასათვის ამ დროისათვის ხელმისაწვდომ მასალებზე დაყრდნობით, ოთხივე შემთხვევაში გათავისუფლებული პირები გამოირჩეოდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით. წინასაარჩევნო პერიოდში, სკოლის დირექტორების და სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან თანამშრომლის  გათავისუფლება, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ პოლიტიკური ერთგულების დაუდასტურებლობის გამო, სავარაუდოდ, პოლიტიკური/განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე განხორციელდა. პირის სამსახურიდან გათავისუფლება დაუსაბუთებლად, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო, აკრძალულია. მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე 6.


დამატებით, საიას სადამკვირვებლო მისია აგრძელებს სამსახურიდან პოლიტიკური/განსხვავებული შეხედულებების ნიშნით გათავისუფლების  2  სხვა ფაქტის შესწავლის პროცესს, რომლის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის. 


 


1 სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა, მესამე სკოლის გათავისუფლებულ დირექტორის უფლებამოსილების შემსრულებელს ამ ეტაპზე არ სურს საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირება. 


2 „სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ დირექტორები, ახალი კონკურსი გამოცხადდება — მინისტრი“, საინფორმაციო პორტალი netgazeti.ge, 2023 წლის 12 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/701442/, განახლებულია: 17.09.2024.


3 იქვე.


4 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევის წესის მიხედვით, რომელიც შესაბამისი კონკურსის საფუძველზე, სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით მიმდინარეობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 42. 


5 კლეოპატრა ქარუმაშვილის ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოში ექსტრაკურიკულური აქტივობების შეფასებისა და მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციიდან გათავისუფლების საქმე.


6 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 169.

სხვა სიახლეები