სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით

2016-02-19 20:23
Featured image

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ინფორმაციას მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ანგარიშის შინაარსი, ტერმინოლოგია და ხასიათი, ისევე როგორც მასში მოყვანილი კონკრეტული მტკიცებულებების დეტალურად გამოქვეყნება, არსებითად ზღუდავს და აზარალებს ბრალდებულის უფლებრივ მდგომარეობას; აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს სისხლის სამართლის საქმის შემდგომ მიმდინარეობაზეც.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის განცხადებით, მასალების გასაჯაროვება მოხდა “მაღალი ინტერესიდან გამომდინარე”. თუმცა ხაზგასასმელია, რომ მაგდა პაპიძის საქმეში მაღალი საჯარო ინტერესი უპირველესად მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით არსებობს. თუმცა, აღნიშნულზე გამოქვეყნებულ ანგარიშში საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაშინ როცა, პროკურატურის მიერ გასაჯაროვდა პაპიძის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების დეტალური შინაარსი, მეტიც, პროკურატურის მიერ გაკეთდა იმპერატიული ხასიათის განცხადებები მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს, მაგალითად მტკიცებით ფორმაში მოყვანილი ისეთი ფრაზები როგორიცაა: მაგდა პაპიძემ, თავის არეში მკვირვი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი, რის შედეგადაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.“

მაშინ როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საქმის წინასასამართლო განხილვა არ დაწყებულა, ამგვარი ინფორმაციის და დასკვნების გასაჯაროვება მთლიანად აზრს აცლის ბრალდებულის ისეთ უმნიშვნელოვანეს უფლებებს, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, უფლება, საქმე განხილულ იქნეს დახურულ სხდომაზე და/ან ბრალდებულის საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე გამოძიების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და საზოგადოების პერიოდული ინფორმირება საგამოძიებო  ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. თუმცა, მნიშვნელოვანია, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის პარალელურად დაცული იყოს შესაბამისი პირების კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. ორ ინტერესს შორის ბალანსის დასაცავად, არსებითი მნიშვნელობა აქვს გაკეთებული განცხადების ფორმას, ხასიათს და გამოყენებულ ტერმინოლოგიას, ასევე იმას, თუ რამდენად პროპორციულია გავრცელებული ინფორმაციის დეტალურობა საქმეზე არსებულ საჯარო ინტერესთან მიმართებით. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ბალანსი დაცული არ ყოფილა.

ამასთან, იმპერატიული ტერმინოლოგიის გამოყენება და საზოგადოებრივი აზრის ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ ფორმირება, პრობლემურია არამხოლოდ კონსტიტუციური უფლებების რეალიზების კუთხით. გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, არსებითი საფრთხე შეუქმნას როგორც თავად ბრალდებულის, ასევე მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობასა და უსაფრთხოებას. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როცა ბრალდებულის განცხადებით, ის ერთხელ უკვე გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.

საია მოუწოდებს პროკურატურას, პირის დამნაშავეობა ამტკიცოს მხოლოდ სასამართლო დარბაზში, შეჯიბრობითი პროცესის პრინციპების დაცვით და არ დაუშვას ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.