GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 დეკემბერი, 2009
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნული ფაქტის პირველად  შეფასებას ახდენს და ხაზს უსვამს შემდეგ სამართლებრივ დარღვევებს:
•    ფონდis ოფისში მყოფი ყველა პირი  გაჩხრეკილ იქნა მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე და თითოეულ მათგანს ჩამოერთვა მობილური ტელეფონი, თუმცა გაუგებარია, არსებობდა თუ არა საკმაო საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ისინი მალავდნენ მოსაძებნ საგანს;
•    პოლიციელებმა მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე გაჩხრიკეს ოფისში მოგვიანებით მოსული პირებიც, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელი იყო მათ დაემალათ ამოსაღებi საგანი, ვინაიდან ისინი ჩხრეკის დაწყების მომენტში იქ არ იმყოფებოდნენ;
•    არ იქნა შედგენილი არცერთი პირადი ჩხრეკის ოქმი და ოფისის ჩხრეკის ოქმი არავის გადაცემია;
•    ფონდში ჩატარებული ჩხრეკისა და ამოღების დროს დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი წესები, კერძოდ: ამოღებული პაკეტები არ იქნა ადგილზე შეფუთული და დალუქული. ბრალდებულის განცხადებით, სამივე პაკეტი ჩადეს შავი ფერის ცელოფნის პარკში, გადაახვიეს და ისე შეინახეს (ერთ-ერთმა იქ მყოფმა ჩაიდო ჯიბეში). ხოლო ლუქზე (ბეჭედ დარტყმულ პატარა ქარალდზე) ხელი მოაწერინეს მოგვიანებით, პოლიციის შენობაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოჩენილი ყველა საგანი ან დოკუმენტი, მათ ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს და დაწვრილებით აღიწეროს ოქმში, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებაში. აღნიშნული წესების დარღვევით ამოღებული საგანი ან დოკუმენტი არ იძენს ან კარგავს მტკიცებულების მნიშვნელობას და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად.
•    კანონის მიხედვით, ჩხრეკის ჩამტარებელი პირები: ,,შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას.“ ფონდ ,,ინკლუზივის” შენობაში ჩხრეკის ჩამტარებელი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგნების არასაჭირო დაზიანებას. ჩამოხეულ იქნა პლაკატები, რომლებიც ეხებოდა ლგბტ უმცირესობას. აღნიშნული მოქმედება კი არანაირად არ შეიძლებოდა კავშირში ყოფილიყო ჩხრეკის მიზანთან, აღმოეჩინათ და ამოეღოთ დანაშაულის საგანი ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი.  
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტი კრძალავს დისკრიმინაციას, ხოლო საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის 3.3 მუხლის თანახმად კი ”პოლიციელმა დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოს სამართლიანად, მიუკერძოებლად, და უზრუნველყოს ყველა მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობა განურჩევლად რასისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, განათლებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა”
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული  ”ადამიანის უფლებათა 10 ძირითადი პრინციპის” თანახმად, სამართალდამცავი ორგანოების თანმაშრომლებმა სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ისეთ დაუცველ ჯგუფებს, როგორიცაა უმცირესობები.
გარდა ზემოაღნიშნული პროცესუალური დარღვევიბისა, მიგვაჩნია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შსს-ს თანამშრომელთა მიერ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ღირსების შელახვა, უცენზურო სიტყვების გამოყენება, ფონდის თანამშრომელთა მიმართ მუქარა, მათი დაშინების მიზნით წარმოთქმული ჰომოფობიური გამონათქვამები მიმართულია ეთიკური ნორმების წინააღმდეგ  და ამავე დროს, ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას. აღნიშნული გარემოებები კი შსს-ს დისციპლინური წესდებისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად შსს-ს თანამშრომლების პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას და სხვა შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ განცხადებაში მითითებული  დარღვევები და მასში მონაწილე პირთა მიმართ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

სხვა სიახლეები