GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 სექტემბერი, 2024

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ანტიკორუფციული ბიუროს („ბიურო“) მიერ ორგანიზაცია „აირჩიე ევროპის“1 და მისი დამფუძნებლების საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების, ასევე, აქტივობებთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის: ჩატარებული ღონისძიებების ხარჯები, ვიდეორგოლების დამზადებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაცია) გამოთხოვნას. ამ მიზნით, 2024 წლის 6 სექტემბერს ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. საიამ შეისწავლა ბიუროს მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის ბრძანება (საქმე №3/6672-24) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იკვეთება შემდეგი პრობლემური გარემოებები: 


1. ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი  


საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი აქვთ „კამპანიის არაპარტიულ მონაწილეებს“ (მესამე პირებს).2 მესამე პირები შესაძლოა პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მხარდასაჭერ ან საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდნენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციის გარეშე.3 ამისთვის მათ უფლება აქვთ შეაგროვონ დონაციები და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გამოხატონ თავისი შეხედულებებიც. ამის გათვალისწინებით, დაუშვებელია მათი აქტივობის უპირობო შეზღუდვა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  საარჩევნო კამპანიაში ჩართულ მესამე პირებზე არ უნდა ვრცელდებოდეს გარკვეული რეგულაციები ან შეზღუდვები.4 მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა იყოს გონივრული, პროპორციული და შესაბამისად დასაბუთებული.5 სახელმწიფო ორგანოებმა ეს პროცესი უნდა წარმართონ მიუკერძოებლად და ობიექტურად. ამასთან, თავი უნდა შეიკავონ გადაჭარბებული და თვითნებური კონტორლის განხორციელებისგან.6  


ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებები.7 ამ მიზნით, ბიურო აღჭურვილია უფლებამოსილებით, ნებისმიერი პირისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა).8 ბიუროს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით იმ ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. ბიურომ უნდა მიუთითოს ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა.9 


შესაბამისად, ბიუროს მანდატი ვრცელდება სამი სუბიექტის - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე. განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.10   


ბიურო სწორედ ამ სუბიექტების მონიტორინგის ფარგლებში არის აღჭურვილი ნებისმიერი პირისაგან, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით ინფორმაციის გამოთხოვნის უფლებამოსილებით.   


მოცემულ შემთხვევაში, ბიუროს შუამდგომლობაში არ არის მითითებული, ჩამოთვლილი სუბიექტებიდან რომლის მონიტორინგის ფარგლებში ითხოვს ორგანიზაციის - ,,აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ინფორმაციას.  შუამდგომლობას არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, ჩამოთვლილთაგან რომელიმე სუბიექტის მიმართ დაწყებულ მონიტორინგის პროცესს. ამის ნაცვლად, ბიურო „აირჩიე ევროპის“ საქმიანობას  უწოდებს „ისეთ წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოქმედებებს, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს“. შესაბამისად, შემოწირულობების მიმართ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს განავრცობს მის აქტივობებზე. ბიუროს დასაბუთებით, ორგანიზაცია ახორციელებს კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისგან თავის შეკავების კამპანიას.11 ბიურო არ განმარტავს, რომელი ნორმა ანიჭებს უფლებამოსილებას, წარადგინოს შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ ისე, რომ კონკრეტული კანონით გათვალისწინებული სუბიექტის მიმართ არ ხორციელდებოდეს მონიტორინგის პროცესი, ან რომელი ნორმით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით დაწესებულ რეგულაციაზე გაავრცელოს საკუთარი მანდატი.  


2. გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობა 


ანტიკორუფციულმა ბიურომ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა არამხოლოდ მოძრაობის/ორგანიზაციის, არამედ ორგანიზაციის დამფუძნებელი ფიზიკური პირების ანგარიშებისა და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილია მოძრაობის/ორგანიზაციის დაფუძნებამდე არსებულ პერიოდზეც - 2024 წლის 1 იანვრიდან 26 ივლისის ჩათვლით პერიოდზე. ბიურო, ისევე, როგორც სასამართლო, არ ასაბუთებს, ფიზიკური პირების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვნის საჭიროებას და მიზანთან თავსებადობას. ასევე, ბუნდოვანია ზღვარი სამოქალაქო მოძრაობას, როგორც იურიდიულ პირსა და მის დამფუძნებლებს შორის. ანტიკორუფციული ბიურო ერთიანად აქცევს მონიტორინგში როგორც ორგანიზაციას, ასევე მის დამფუძნებლებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ბიურომ დაასაბუთოს და სასამართლომ შეამოწმოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი, ასევე, ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. რაც მოცემულ შემთხვევაში არც ბიუროს და არც სასამართლოს არ გაუკეთებიათ.  


3. გამოხატვის თავისუფლება და სამოქალაქო აქტივობები 


კანონით დაშვებული შემოსავლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ფინანსური მონიტორინგის უფლებამოსილება არ უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო მოძრაობის საქმიანობისა (სამოქალაქო აქტივიზმისა) და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს.12 გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების სასიცოცხლო უფლება, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას გააძლიეროს ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა (ამ სიტყვის ფართო გაგებით) საჯარო დებატების მეშვეობით.13 ის არის ერთ-ერთი „პირობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აზრის თავისუფალ გამოხატვას საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას“.14 ამ მიზეზით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წინა პერიოდში, რომ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინსტრუმენტების მეშვეობით, არ შეფერხდეს კონსტიტუციურად დაცული ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში კი, აქტუალურია სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოძრაობების გამოხატვის თავისუფლებით, როგორც ინსტრუმენტული უფლებით, თავისუფალი სარგებლობა. ვინაიდან, თავისუფალი არჩევნების უფლება, არ არის მხოლოდ პასიური და აქტიური საარჩევნო ხმის უფლება, არამედ, ეს უფლება, ასევე, უკავშირდება საარჩევნო გარემოში ადამიანის სხვა ე.წ. ინსტრუმენტული უფლებების რეალიზების რეალურ შესაძლებლობებს. საარჩევნო გარემომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, განუხრელი დაცვა. ვენეციის კომისიის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა პოლიტიკური ხასიათის ნებისმიერი მოსაზრების გამოხატვაც.15 გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ვალდებულება აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო საქმე განეხილა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტშიც. მიუხედავად ამისა, შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, არც ანტიკორუფციულ ბიუროს და არც სასამართლოს არ შეუფასებია, რატომ არ ვრცელდებოდა ეს საგამონაკლისო წესი „აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირების აქტივობებზე. სასამართლოს უნდა ემსჯელა გამოხატვის თავისუფლების ჭრილში და შეეფასებინა, მოქმედებდა თუ არა „აირჩიე ევროპა“ ამ უფლების ფარგლებში. სასამართლომ არ დაასაბუთა რამდენად მოქმედებდა სამოქალაქო ორგანიზაცია მისი საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. ამ რისკისა და ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან შესაძლო თვითნებობის ერთგვარი დამზღვევი მექანიზმია კანონმდებლის მიერ სასამართლოსადმი სავალდებულო წესით მიმართვის შემოღება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ანტიკორუფციული ბიურო წარმოადგენდა თუ არა ზემოთაღნიშნულ დასაბუთებას, სასამართლო მაინც ვალდებული იყო, შეეფასებინა, პირის გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო აქტივობის თავისუფლად განხორციელების საგამონაკლისო წესის პირობებში, ,,აირჩიე ევროპა“ და მასთან დაკავშირებული პირების აქტივობები შესაძლებელი იყო თუ არა მოქცეულიყო მონიტორინგის ფარგლებში.  


შეჯამება 


2024 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიენიჭა უფლებამოსილება, პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით, ნებისმიერი პირისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ანტიკორუფციული ბიუროს თვითნებური გადაწყვეტილებების რისკები, კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლო კონტროლის მექანიზმი. შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, იკვეთება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგის პროცესი და კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელის სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელება დაწყებულია მოძრაობა/ორგანიზაცია ,,აირჩიე ევროპის“ მიმართ, არ არის დასაბუთებული, ვრცელდება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ამ ტიპის საქმიანობაზე. ასევე, არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა. იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს  ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე. ამგვარი გადაწყვეტილებები აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის შემცირების რისკს. ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სასამართლომ შეასრულოს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქცია და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქციები. სასამართლოს მიერ მიღებული ბრძანება არ სცემს პასუხებს საქმისათვის მნიშვნელოვან არცერთ კითხვას. 16 


საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები.  


1 სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“ არის რეგისტრირებული ა(ა)იპ, რომლის მიზანს წარმოადგენს პროდასავლური ამომრჩევლების მობილიზება, მისი საქმიანობა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. იხ. „ახალი სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ პრეზენტაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო“, საინფორმაციო პორტალი „Civil.ge“, 2024 წლის 11 ივლისი, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/615971, განახლებულია: 13.09.2024; „აირჩიე ევროპა“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად 2024 წლის 26 ივლისს დარეგისტრირდა. იხ. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://enreg.reestri.gov.ge.


2 European Commission for Democracy through Law (Venice Commission), OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), Guidelines On Political Party Regulation Second Edition, 2020, para. 255.


3 იქვე, 218.


4 იქვე, 255.


5 იქვე, 218; ECtHR, Bowman v. United Kingdom, no. 24839/94, 19 February 1998, 30-47.


6 European Commission for Democracy through Law (Venice Commission), OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), Guidelines On Political Party Regulation Second Edition, 2020, para. 266, 269.


7 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2015 მუხლი, პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.


8 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლი, პუნქტი 21.


9 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლი, პუნქტი 4.


10 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლი.


11 იქვე, მუხლი 25, პუნქტი 4.


12 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 261, პუნქტი 6.


13 Amicus Curiae Brief for the Constitutional Court of Georgia on the Question of the Defamation of the Deceased, The Venice Commission, CDL-AD(2014)040, 12-13 December, 2014, 19.


14 European Court of Human Rights, Guide on Article 10 of the European Convention on Human Rights, 2023, § 715.



15 იქვე, 21


16 თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება ამ ეტაპზე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.

სხვა სიახლეები