სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით, „მთავარი არხი“ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას - მოახდინოს „უხამსი“ პროგრამების სანქცირება - საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2021-03-29 15:26
Featured image

საია და „მთავარი არხი“ ერთობლივად ასაჩივრებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას  „უხამსი“ პროგრამების ეთერში გაშვებისათვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს. კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გადაცემაში „მთავარი შაბათს“ ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტის გაშვების გამო. ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებისათვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სცნო სამართალდამრღვევად. კომისიის მოტივაცია - აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას. 

საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ნოემბერს, საქმეზე ,,გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”,  არაკონსტიტუციურად ცნო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ის ნორმები, რაც კრძალავდა უხამს პროგრამებთან დაკავშირებით სასამართლოში დავის წარმოებისშესაძლებლობას. ამ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით (კონსტიტუციის ძველი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი) გარანტირებულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებისათვის (რაიონული/საქალაქო. სააპელაციო და უზენაესი სასამართლო) მიმართვის უფლება. კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით საერთოდ არ არის გარანტირებული ადამიანის უფლება, მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს. საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ნოემბერის გადაწყვეტილების არც აღწერილობით, არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილში საერთოდ არ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უხამსი გადაცემების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა აკრძალვა, რაც უხამსი გადაცემების კომუნიკაციების კომისიაში გასაჩივრებას ადგენდა, შესაბამისად, კომისიამ ეს უფლება კანონის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თვითნებური და არასწორი ინტერპრეტაციის გზით მიიღო.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, სანქცია დააკისროს მაუწყებელს „უხამსი“ პროგრამის ეთერში გაშვებისათვის, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს „მხოლოდ კანონით.“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არ ადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, ებრძოლოს „უხამს“ პროგრამებს ტელევიზიასა და რადიოში.