GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 მაისი, 2015

საიას დახმარებით ირანის მოქალაქემ ბინადრობის ნებართვა მიიღო

საიას თბილისის ოფისი იცავდა ირანის მოქალაქე ა.ს.-ს ინტერესებს. იგი 2013 წლის 9 აგვისტოს ჩაირიცხა სახელმწიფო კონსერვატორიაში  და ამ საფუძვლით მიიღო დროებითი ბინადრობის ნებართვა 1 წლის ვადით.ვადის გასვლის შემდეგ,  მან  ნებართვისათვის  კვლავ მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა, რაზეც უარი მიიღო იმ საფუძვლით, რომ საქმეში არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად განმცხადებლის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემობათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,  მოპასუხემ ა.ს.-ს სახელზე გასცა სასწავლო ბინადრობის ნებართვა.

 
საიას დახმარებით,  მოქალაქეები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
1. საიას ზუგდიდის ოფისი სასამართლოში იცავდა ზ.ჭ.-ს ინტერესებს, რომელიც  სახლში დააკავეს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. შემოწმების შედეგად მას დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი, რის საფუძველზეც მის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება. საია-ს ზუგდიდის ოფისის დახმარებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომლის თანახმად, ზ.ჭ. მკურნალობის მიზნით ყოველდღე იღებს მედიკამენტ ,,ეფავირენზს“, რომელიც იძლევა ცრუ დადებით რეაქციას შარდში ტეტრაჰიდროკანაბინოლზე. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ზ.ჭ.-ს მიმართ შეწყდა საქმის წარმოება.
 
2. საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა ნ.მ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის სატრანსპორტო  საშუალების სამართავად გადაცემისთვის დააჯარიმა 1000 ლარით. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით,  ნ.მ-მ ადმინისტრაციული ოქმი  გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ.მ-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
 
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით,  აფხაზეთიდან დევნილმა  2500   ლარის კომპენსაცია მიიღო
 
საიას ზუგდიდის ოფისი სასამართლოში იცავდა აფხაზეთიდან დევნილ ა.გ.-ს ინტერესებს, რომელსაც გადაუღებელი წვიმების შედეგად წარმოქმნილმა ღვარცოფმა დაუზიანა სასათბურე მეურნეობა და საცხოვრებელი სახლი. ექპერტიზის დასკვნით სტიქიის შედეგად მას მიადგა 3.757 ლარის ზიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის  #576-ე ბრძანების საფუძველზე, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ნაწილობრივ აუნაზღაურდათ ზიანი. ა.გ.-ს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მისთვის ზიანის ანაზღაურება არ მომხდარა.
 
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, ა.გ-მ  მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა.გ-ს აუნაზღაურდებოდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია  და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაავალა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის თანახმად, ა.გ.-მ უკვე მიიღო  კომპენსაცია 2500 ლარის ოდენობით. 
 
 
საიას დახმარებით მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა
 
2015 წლის 7 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ე.პ.-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ე.პ-ს მიმართ, მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი. ქუთაისის  სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ქ.-ს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ  სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 6 თვის ვადით. 
 
საიას დახმარებით, კიდევ ერთი უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამსახურში აღადგინეს
 
საიას თელავის ოფისი სასამართლოში იცავდა ზ.უ-ს ინტერესებს, რომელიც მუშაობდა ახმეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს  რწმუნებულად და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურდა  ზ.უ-ს უკანონო გათავისუფლება, ასევე დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერაც.
 
 
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით მოქალაქემ უძრავი ქონება დაირეგისტრირა
 
მოქალაქე ნ.ქ.-მ  განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს  და მოითხოვა კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. აღნიშნულმა უწყებამ შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო ნახაზებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.  
საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით,  ნ.ქ.-მ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა   საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის  მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად  ცნობა და 2014 წლის 15 აპრილის განცხადების საფუძველზე ნ.ქ-ს  უძრავი ქონების რეგისტრაცია დაზუსტებული ფართობით.  ზუგდიდის რაიონული  სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ს სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. 
 
 
საიას აჭარის ფილიალის დახმარებით, მოქალაქემ შეძლო საკუთრების უფლების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში
 
საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე გ.კ-ს ინტერესებს, რომელსაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა უარი უთხრა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული  1500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. გ.კ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოპასუხეების- აჭარის ა/რ მთავრობის, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა  და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა  და  საკუთრების  უფლების რეგისტრაცია. სასამართლო განხილვის პროცესში 2013 წლის პირველ ნახევარში აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა დაიწყო  „აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო და აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველმა კომისიამ.  გ.კ-მ აღნიშნულ კომისიასაც მიმართა განცხადებით და მოითხოვა, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გაეცა რეგისტრაციის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხმობა. თუმცა, მისი განცხადება კომისიას არც კი განუხილავს.  ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა გ.კ-ს სარჩელი, რაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერაც. მოპასუხეს საკასაციო  საჩივარი არ შეუტანია, გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში და  სადავო მიწის ნაკვეთი უკვე დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში გ.კ-ს საკუთრებად. 
 

სხვა სიახლეები