სიახლეები
2017 წლის 25 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების მე-11 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული მონიტორინგი საიას მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.
საიამ დღემდე მონიტორინგის ცხრა ანგარიში წარმოადგინა, რომლებიც მოიცავდა პერიოდს 2011 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით. ამასთან, ორგანიზაციამ 2017 წლის მარტში სასამართლო მონიტორინგის მე-10 სპეციალური ანგარიშის (მონიტორინგი მიმდინარეობდა 2016 წლის 20 აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით) პრეზენტაცია გამართა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეების მონიტორინგის შედეგებს ეხება. ამჯერად წარმოგიდგენთ მე-11 ანგარიშს, რომელიც 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით არსებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს. 6 თვის განმავლობაში ორგანიზაციამ 2000-მდე სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა.
როგორც მონიტორინგმა აჩვენა, ნაცვლად იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემის განვითარების პერსპექტივები შეიქმნას, არსებული პრობლემები და გამოწვევები ცხადყოფს, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის პროცესში ადამიანის უფლებების შელახვა ან არამიზნობრივი ჩარევა სისტემატურ პრობლემად იქცეს.
დაკვირვების შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, მაღალი ალბათობით, აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიებება - გირაო ან პატიმრობა იქნება გამოყენებული. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები შემთხვევათა მხოლოდ 4%-ში გამოიყენეს;
- მონიტორინგის განხორციელების დაწყებიდან დღემდე, პრობლემად რჩება პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლობა. წინა საანგარიშო პერიოდისაგან განსხვავებით, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილია. კერძოდ, შემთხვევათა 14%-ში პატიმრობა იყო დაუსაბუთებელი, ხოლო შემთხვევათა 31%-ში - გირაო;
- არც ამ საანგარიშო პერიოდში, წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად, პროკურორები არ აგროვებდნენ სათანადო ინფორმაციას ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, გირაოს ოდენობის დასასაბუთებლად. ბრალდებულთა 87%-ის მიმართ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობაში ბრალდების მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია მათ მატერიალურ შესაძლებლობებზე. ასეთ შემთხვევაში, გირაოს მოთხოვნილი ოდენობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილება პატიმრობის ტოლფასია;
- კვლავ არ ფიქსირდება სახელმწიფოს სათანდო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო წამების/არასათანადო მოპყრობის ძალიან მძიმე არაერთ შემთხვევაზე, რასაც ბრალდებულები ან პროცესის მონაწილეები სასამართლო პროცესებზე აცხადებენ;
- კვლავ არაფერი შეცვლილა ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების პრაქტიკაში და შემთხვევათა 99%-ში ჩხრეკა/ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ტარდება, რასაც სასამართლო კანონიერად ცნობს;
- დაკვირვებულ არცერთ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ ყოფილა მიღებული;
- ხშირად, საქმის არსებითი განხილვის სხდომები დაგვიანებით იწყება ან გახსნისთანავე ხდება მათი გადადება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პროცესების გაჭიანურებას;
- ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს დაზარალებულთა ინტერესები კვლავ უგულებელყოფილია, მათ შორის, სატრანსპორტო დანაშაულის შედეგად გარდაცვლილ ან დაზარალებულ პირთა ინტერესები;
- მაღალია მაჩვენებელი, როდესაც საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე მოსამართლე ბრალდებულებს უფლებებს არასრულყოფილად ან საერთოდ არ უმარტავს. ასეთი მიდგომა შემთხვევათა 28%-ში დაფიქსირდა;
- მდგომარეობა არ შეცვლილა სასამართლოს მიერ პირის დაკავების კანონიერების შემოწმების კუთხით. უმეტესად, მოსამართლეები არ ამოწმებენ დაკავების კანონიერებას, რაც შესაძლოა კანონმდებლობის ხარვეზებით იყოს გამოწვეული;
- პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არ შესრულებულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნარკოდანაშაულებს ეხება, რაც სასამართლოს მხრიდან ხარვეზიანი კანონის არაერთგვაროვან განმარტებას იწვევს.
საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ანგარიში საყურადღებო მონაცემებს შეიცავს პროკურატურისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის. ასევე, იმედი გვაქვს, ჩვენს მიგნებებსა და რეკომენდაციებს ყურადღებით მოეკიდება საკანონმდებლო ორგანო და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვასა და პატივისცემას. საიას რწმენით, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. შეიძლება ის არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
გააზიარე: