სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 10 იანვარს წარადგენს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშს, რაც მოიცავს მე-IX მოწვევის პარლამენტის მიერ, 2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების შეფასებას. ანგარიში ეფუძნება საქართველოს პარლამენტიდან მიღებული და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზს, მედია საშუალებებში პარლამენტის საქმიანობის თაობაზე გავრცელებულ და პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე დასწრების შედეგად შეკრებილ ინფორმაციას.
საქართველოს პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელება გაანალიზდა საანგარიშო პერიოდში არსებული საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც შინაარსის, ასევე პროცესის თვალსაზრისით. საკანონმდებლო ინიციატივები დაჯგუფდა სამი კატეგორიის მიხედვით: ა) პოზიტიური საკანონმდებლო ინიციატივები, ბ) პოზიტიური საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და გ) ნეგატიური საკანონმდებლო ინიციატივები. ასევე, შეფასდა საქართველოს პარლამენტის მეირ დაჩქარებული პროცედურის გამოყენების პრაქტიკული და სამართლებრივი ასპექტები, ისევე როგორც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მისი განხილვის სპეციფიკა. იმის გათვალისწინებით, რომ საანგარიშო პერიოდი მოიცავდა საკანონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესს, აღნიშნული საკითხიც გაანალიზდა წარმოდგენილი ანგარიშის ფარგლებში.
საქართველოს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულება შეფასდა ხუთი ძირითადი მიმართულებით: ა) სამთავრობო საათი; ბ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა; გ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კომიტეტების სხდომაზე მიწვევა; დ) პარლამენტის წევრის კითხვა; ე) საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნა. ანგარიშში გაანალიზდა საქართველოს პარლამენტში საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების სიხშირე და ეფექტურობა; საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლების ჩართულობა საზედამხედველო საქმიანობაში და საპარლამენტო კონტროლის გავლენას ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობაზე.
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მნიშვნელოვანი მიგნებები:
ა) საკანონმდებლო საქმიანობა
- კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტის შემუშავება და განხილვა არაერთი ხარვეზით წარიმართა;
- გამოიკვეთა პარლამენტის როლის გაძლიერების საჭიროება პოზიტიურ ინიციატივებთან მიმართებით, რომლებიც დამატებით დახვეწას საჭიროებენ;
- გამოიკვეთა ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა უმეტესი ნაწილი ერთნაირად მიუღებელი იყო საპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს პრეზიდენტისა და არასამთვრობო სექტორისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც ხდებოდა მათი მიღება;
- გამოიკვეთა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც უმეტესწილად პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული არასრულყოფილი რეგულირებით იყო განპირობებული;
- საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პრეზიდენტის არც ერთი მოტივირებული შენიშვნების გაზიარება;
- გამოიკვეთა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ნაწილობრივი გაზიარების სურვილი. თუმცა, პარლამენტის რეგლამენტი აღნიშნულ შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა;
- თანამდებობის პირთა არჩევის თვალსაზრისით გამოიკვეთა რიგ შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებით არსებული ნეგატიური დამოკიდებულის უგულვებელყოფა, ხოლო რიგ შემთხვევაში სათანადო პოლიტიკური ნების ნაკლებობა ამ მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის კუთხით.
ბ) საზედამხედველო საქმიანობა
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათი არ გამართულა;
- საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები განსხვავებულად წარმართავენ საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშების მოსმენას;
- საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ინტერესს იჩენენ ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებებისა და ამისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ საანგარიშო პერიოდში არსებულ პრობლემურ საკითხებზე, თუმცა მათი მოსაზრებები უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია, რის გამოც მათზე მხოლოდ პოლიტიკური პასუხების გაცემა ხდება;
- კომიტეტები, მცირე გამონაკლისების გარდა, აქტიურად არ იყენებენ საკომიტეტო ფორმატში პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების წარმომადგენლების მიწვევისა და მათი ანგარიშების მოსმენის შესაძლებლობას;
- პარლამენტის წევრების მიერ სადეპუტატო კითხვის გამოყენება არ ხდება საპარლამენტო კონტროლის მიზანმიმართულად და ეფექტურად განსახორციელებლად;
- საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ყოველთვის ინიცირებული იყო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობის მიერ, რაც, როგორც წესი, ვერ პოულობდა უმრავლესობის მხარდაჭერას. ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობისა და კომიტეტის მიერ ინიცირებული სხვა დროებითი კომისიები შეიქმნა.
გააზიარე: