სიახლეები
2023 წლის 5 და 9 იანვარს საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2 ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.
I ანგარიში მოიცავს სექსუალური ძალადობის თაობაზე როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში არსებული სიტუაციის შეფასებას და ხარვეზებს. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა სექსუალური ძალადობის საქმეებზე, ასევე ბავშვთა ქორწინების, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმის, წინაღმდეგ. ანგარიშის მთავარი რეკომენდაციები ეხება, როგორც, საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას, ისე, პრაქტიკული და პროცედურული კუთხით გაუმჯობესების აუცილებლობას სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე; ვინაიდან, (1) სექსუალური ძალადობის დანაშაულების სისხლის სამართლებრივი დეფინიცია და განსაზღვრული სასჯელები არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ სტანდარტს; (2) ამგვარი ტიპის საქმეების გამოძიებისას ვლინდება ნაკლოვანებები, მათ შორის, გენდერული სტერეოტიპები & დისკრიმინაცია და დაზარალებულისთვის მომეტებული მტკიცების ტვირთის დაკისრება. დამატებით, ანგარიშში ასევე განხილულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მოწყვლადი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი.
ანგარიში წარდგენილია შემდეგ ორგანიზაციებთან ერთად: Equality Now; Union Sapari, Partnership for Human Rights (PHR), Women’s Initiatives Supporting Group (WISG), Democracy and Governance Center, Rights Georgia, Georgian Democracy Initiative (GDI), Coalition for Independent Living (CIL), Women Engage for a Common Future (WECF) – Georgia, Women’s Information Center (WIC), Human Rights Center (HRC), and Changes for Equal Rights (CER). საიამ ამ მიმართულებით ანგარიში CEDAW-ს, ასევე, 2016 წელსაც წარუდგინა.
II ანგარიში კი ეხება ქალი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას პენიტენციურ დაწესებულებაში. ანგარიში ძირითადად ორ საკითხს შეეხება (1) პატიმრების პირველადი შესახლების, ასევე, დაწესებულებიდან გაყვანის და დაწესებულებაში დაბრუნების დროს მათი სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სამართლით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტს (ამ მონაცემის ანალიზისას საია ეყრდნობა სახალხო დამცველის ანგარიშებს); (2) პატიმრების მიერ ჯეროვან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხს. ამ კუთხით ანგარიშში განხილულია პატიმრების ხელმისაწვდომობა გენდერულად სპეციფიკურ ჯანდაცვის სერვისებსა და პრევენციული მედიცინის სერვისებზე; სამედიცინო სერვისის დროული ხელმისაწვდომობა; პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო დოკუმენტაციის ჯეროვანი წარმოება და მომსახურე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია. ანგარიშის დასასრულს, ასევე, წარდგენილია თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით რეკომენდაციები. ეს ანგარიში წარდგენილია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია European Prison Litigation Network (EPLN)-თან ერთად.
CEDAW-ს ფუნქციაა შეაფასოს, თუ რა ზომებს იღებს სახელმწიფო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დასაცავად და რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფოებს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის. ამ მიზნით, კომიტეტს პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს სახელმწიფო გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების შესახებ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს კონვენციის შესრულებაზე ალტერნატიული ანგარიშების წარდგენა შეუძლიათ.
გააზიარე: