სიახლეები
2016 წლის 22 აგვისტოს საიამ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ეხება 2014 წლის ივლისში კომიტეტის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე.
ანგარიში მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის თაობაზე როგორც კანონმდებლობაში ასევე პრაქტიკაში არსებული სიტუაციის შეფასებას და ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს. ანგარიშში შეფასებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში, ასევე ბავშვთა ქორწინების, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ერთ-ერთ ფორმის, წინაღმდეგ. ანგარიში ასევე აანალიზებს ნარკოტიკების მომხმარებელ და სექს-მუშაკ ქალთა მიმართ ძალადობას და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას, რაც თანადგომასა და აკესოსთან თანამშრომლობით ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით შეფასდა.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საიას მთავარი რეკომენდაციებია სტამბოლის კონვენციის სწრაფი რატიფიცირება და საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების დროულად შეტანა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საქმეების სრულყოფილი და სიღრმისეული გამოძიება, სექსუალური ძალადობის თაობაზე კანონმდებლობისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლის სამართლის პოლიტიკის სწრაფი და ეტაპობრივი გადახედვა, რათა სრულად იქნეს უზრუნველყოფილი ბავშვთა უფლებები ძალადობისგან დაცვასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების მომხმარებელი და სექს-მუშაკი ქალების მიმართ ძალადობის დაძლევისთვის აუცილებელია რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შეცვლა, მათთვის სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფა და პროფესიონალების გადამზადება მარგინალიზებულ ქალთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
საიას მიაჩნია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს პოლიტიკა, კანონმდებლობა და პრაქტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანთა ღირსებისა და თანასწორობის იდეას და თავისუფალი უნდა იყოს პატრიარქალური კულტურის გავლენებისა და გენდერული ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებისაგან.
გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) ფუნქციაა შეაფასოს, თუ რა ზომებს იღებს სახელმწიფო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დასაცავად და რეკომენდაცია მისცეს სახელმწიფოებს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის. ამ მიზნით კომიტეტს პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს სახელმწიფო გაეროს ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებს კონვენციის შესრულებაზე ალტერნატიული ანგარიშების წარდგენა შეუძლიათ.
გააზიარე: