სიახლეები
17 აგვისტოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს. ალტერნატიული ანგარიში მომზადებულია საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების განხილვის მეხუთე ციკლის ფარგლებში.
ანგარიში აფასებს პაქტში წარმოდგენილ ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებასთან მიმართებაში ბოლო 6 წლის მანძილზე განვითარებულ ძირითად მოვლენებს, ასევე შეფასებულია წინა, მეოთხე ციკლის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
ალტერნატიული ანგარიში პაქტის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში მიმოხილავს საანგარიშო პერიოდში მომხდარი ინდივიდუალური უფლებადარღვევის ისეთ მძიმე საქმეებს, როგორიცაა, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, აფგან მუხთარლის გატაცება, ქვეყნიდან გაძევების აკრძალვის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს ჩრდილოკავკასიელების რუსეთში ექსტრადირების პროცესში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დარღვევები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პასუხისგებაში მიცემის პრობლემები და სხვა.
ასევე, ანგარიშში შეფასებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევები, დევნილების მძიმე სოციალური მდგომარეობა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევები, სასამართლო და საგამოძიებო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები. ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ქვეყანაში არსებული, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმოხილვას.
ალტერნატიულ ანგარიშში EMC და საია აფასებენ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მძიმე დარღვევებს, მათ შორის 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, 2018 წლის 12 მაისის მოვლენებს, ლგბტ პირთა შეკრების უფლებას და ამ მხრივ არსებულ არაერთ დარღვევას. ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული მედიის თავისუფლების კუთხით არსებული დარღვევები, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები და 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევის, ჟურნალისტთა დაზიანების შემთხვევები.
ანგარიშის ერთი ნაწილი ეთმობა შრომით უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებს, საცხოვრისის უფლების გარანტირებისა და გამოსახლებისგან დაცვის, ასევე, შშმ პირთა სამართლებრივი ქმედუნარიანობის რეფორმის ბარიერებს საქართველოში.
ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მხრივ არსებულ გამოწვევებს და ინტეგრაციის პოლიტიკის პრობლემებს საქართველოში.
ალტერნატიულ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება EMC და საიას კვლევას, საველე სამუშაოებს, წარმოებულ სტრატეგიულ სასამართლო საქმეებს და მათ ანალიზს. ზოგიერთ შემთხვევაში ანგარიში ეფუძნება სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველის და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებებს.
ვრცლად ანგარიში იხილეთ:
გააზიარე: