GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

25 ივნისი, 2021

2021 წლის 17 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ  გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დააკმაყოფილა საიას საჩივარი და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. გარდა შუბითიძის საქმისა, საიას წარმოებაში არსებულ საქმეებზე კალანდია საქართველოს წინააღმდეგმეგრელიშვილი საქართველოს, წინააღმდეგ და ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე აქვს მიღებული.  

საქმეში ,,შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ“ მომჩივანი კაკო შუბითიძე ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ იგი იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. შემდგომ, პოლიციელებმა მომჩივანს „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,“ რომ თითქოს მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. კაკო შუბითიძეს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. ასევე, 5 წლით შეეზღუდა მანქანის მართვის უფლება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება: მომჩივნის ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სიზუსტე და სანდოობა ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს.

პირადი ჩხრეკის ოქმის დასაშვებობის საკითხი: ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერება იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. მომჩივანს ჩხრეკის დროს, იმ დროს მოქმედი საკანონმდებლო ჩანაწერის შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა მოწმეების დასწრების უფლებით. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საქმის მთავარი მტკიცებულების (ჩხრეკის ოქმი) დასაშვებობა არის სადავო, ორმაგ მნიშვნელობას იძენს მტკიცებულების დასაშვებობის შესამოწმებლად სამართლიანი პროცედურის არსებობა, რაც აღნიშნულ საქმეში სახეზე არ იყო. 

სასამართლოების მიერ საქმის სათანადოდ გამოკვლევის პრობლემა:  ევროპული სასამართლოს შეფასებით, ადგილობრივმა სასამართლოებმა არ უპასუხეს მომჩივნის მნიშვნელოვან არგუმენტებს მისი დაკავებისა და ჩხრეკის კანონიერებასთან და პირადი ჩხრეკის ოქმის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლოებმა არ უპასუხეს მომჩივნის არგუმენტს, რომ ამოღებული ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა. ამასთან,  სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მომჩივნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ჩხრეკის ოქმის გარდა სხვა საკმარისი მტკიცებულება არ არსებობდა. 

პოლიციელების ჩვენება: პოლიციელის ჩვენებასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელი იყო დაინტერესებული პირი, ვინაიდან მისი დაწყებული იყო საქმე მომჩივნის წინააღმდეგ. ამასთან, პოლიციელს მომჩივნის გამტყუნების ინტერესი ჰქონდა, რადგან მომჩივანი მიუთითებდა ნარკოტიკული საშუალების ჩადების შესახებ.  ამგვარად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩხრეკის ოქმის დაუშვებლობა მოხდებოდა, სხვა მტკიცებულებები საკმარისი არ იყო მომჩივნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. 

შუბითიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მსგავსად, კალანდიას, მეგრელიშვილისა და ტლაშაძე კაკაშვილის საქმეებისა ცხადია, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომლებიც პირებს სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა.  მნიშვნელოვანია, საქართველომ ზემოთ ხსენებულ საქმეებთან მიმართებით გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული სტრუქტურული და სისტემური ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, ასევე,  საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის №2/2/1276 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაუყოვნებლივ განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შექმნის ადამიანისთვის საკმარის გარანტიებს სამართალდამცავთა მხრიდან თვითნებური მოქმედებებისგან დასაცავად. 

 

საია ამ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა. 

 

 

 

  

სხვა სიახლეები