სიახლეები
წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში ფარავს სექტებრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რაც ცუდი პრაქტიკაა.
საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:
- სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის 1 შემთხვევა;
- ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა;
- მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა;
- პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.
კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონოფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება.
სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს. ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია.
ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე.
საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.
ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.
მეორე შუალედური ანგარიშის სრული ვერსია იხ. თანდართულ ფაილში.
გააზიარე: