სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ამჟამად მიმდინარე შესარჩევი კონკურსების მონიტორინგს აწარმოებს

2016-08-22 10:03
Featured image

საიას დამკვირვებლებისათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ; ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმაც გააკეთეს. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები.

ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული,  არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩვას ისახავს მიზნად.

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით.

საია აგრძელებს შერჩევის პროცესის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორამციას პროცესის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე.