GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 აგვისტო, 2016

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება 11 და 12  აგვისტოს ბორჯომში, დედოფლისწყაროსა და ზუგდიდში წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს.

 კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ჩართულ მხარეებს:

პოლიტიკურ პარტიებს, მათ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს:

- პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა;

- თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) ერთმანეთის ხელშეშლისაგან და ნებისმიერი ტიპის ძალადობრივი ქმედებისაგან;

- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოში არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობას, რათა განვითარებულმა მოვლენებმა ზიანი არ მიაყენოს არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

სამართალდამცავ ორგანოებს:

- მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება;

- ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარ შემთხვევებს, უზრუნველყონ ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას:

- შეისწავლოს საჯარო მოსამსახურეების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისას კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევების ფაქტები და უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:

ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ადგილი აქვს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თვალთვალსა და მიყურადებას:

- უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უზუნრველყოს მსგავსი ფაქტების პრევენცია და უსაფრთხოების სამსახურის სრული დისტანცირება პოლიტიკური პროცესებისაგან.

 

ფაქტობრივი ინფორმაცია მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით

 (საიას მონიტორების მიერ უშუალოდ გადამოწმდა თითოეული  ფაქტი  შემთხვევის ადგილზე)

ინფორმაცია დედოფლისწყაროში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ოფისის ფანჯრები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო ბანერი დააზიანეს.[1] აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ადგილობრივი მედიის საშუალებითაც გავრცელდა.[2] ასევე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია,[3] რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართველომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ინციდენტის სავარაუდო მონაწილეებსაც ასახელებენ.

ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

მიმდინარე წლის 12 აგვისტოს დილით, დაახლოებით 10:00 საათისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს მესამე სართულის კარები გატეხილი დახვდათ, ხოლო მეორე სართულის კარს - ნაფეხურები ეტყობოდა[4]. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო,[5]  რაც, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საიას მონიტორთან საუბრისას, ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ოფისში შეჭრა, შესაძლოა, გარკვეული ინფორმაციის წაღების მიზნით მოხდა.

ინფორმაცია ბორჯომში მომხდარი ინციდენტის შესახებ:

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,[6] საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრის, გიორგი გიუაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ ფოფხაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ხელი შეუშალა მას წინასაარჩევნო აგიტაციაში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საიას მონიტორთან საუბრისას, გიუაშვილმა განაცხადა, რომ მძღოლთან ერთად სააგიტაციო მასალით (დროშებით) გადაადგილდებოდა ბორჯომში და ამომრჩევლებს მოუწოდებდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერისაკენ. ასევე, მოუწოდებდა საზოგადოებას, მხარი არ დაეჭირათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატისათვის. ამ დროს, შენიშნა, რომ მის ავტომანქანას უკან 3 ავტომანქანა აედევნა, რომლებიც წინ გადაუდგნენ და მის მძღოლს ავტომობილი გააჩერებინეს. აღნიშნული პირები ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მივიდნენ გიორგი გიუაშვილთან და მას და მის მძღოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბესიკ ფოფხაძე მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს.

საიას მონიტორთან საუბრისას, გიორგი გიუაშვილი ბესიკ ფოფხაძის გარდა დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების გვარებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებს. აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სისტემატიურ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებენ მასზე.

გიუაშვილის განცხადებით, მან მიმართა პოლიციას, დაიკითხა და ჩაუტარდა ჯანმრთელობის შემოწმება, რომლის თანახმადაც, მას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

 

წინასაარჩევნო აგიტაციისას სავარაუდო ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა:

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1) პუნქტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-71 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ7) პუნქტის მიხედვით, სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად:

1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, განცხადებებით მიმართა დედოფლისწყაროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების გამგეობებს.

აგრეთვე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, საია მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჯარო მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებზე რეაგირების მიზნით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ, მსგავსი ფაქტების პრევენციისა და შემდგომში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 24 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 1621 მუხლი:

1. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას  და პერმანენტულად მიაწვდის საზოგადოებას მონიტორინგის შედეგებს.

 


[1] http://rustavi2.com/ka/news/53962

[2] http://ick.ge/rubrics/politics/29888-i.html

[3] http://www.speqtri.ge/politika/article/24746-dedoflistsyaros-qnacionaluri-modzraobisq-ofiss-minebi-chaumskhvries

[4] http://www.radioatinati.ge/regioni/article/58483-qnacionaluri-modzraobisq-zugdidis-ofisis-kari-gatekhes-video.html

[5] http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/15717-shssnacionalurimodzraobisofisidantsaghebuliaraferiararis.html

[6] http://rustavi2.com/ka/news/53951

სხვა სიახლეები