სიახლეები
2018 წლის 09 სექტემბერს, გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყოფილი თანამდებობის პირი საუბარში აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია გამაღიზიანებელია - ,,ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ“ და მფლობელს მის გაცვლას სთავაზობს პრობლემების მოგვარებაში - ,,ტელევიზია, რომ გაცვალო, აი, ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით.“
2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად კი, რომელშიც სავარაუდოდ ასევე ზემოთ ხსენებული პირები ესაუბრებიან ერთმანეთს, ირკვევა რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა. ამ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილიც.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საუბრები, მით უფრო ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან, დაუშვებელია. როგორიც არ უნდა იყოს მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი, მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იქნეს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან გააგრძელებს თუ არა ტელევიზია მუშაობას. მაუწყებლობის შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს.
გააზიარე: