სიახლეები
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა არაერთი ორგანიზაციის, მათ შორის, საიას მოწოდება, არ შეეტანა ინიცირებული ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და დღეს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა წარდგენილ კანონპროექტს. შესაბამისად, საიამ მიიღო გადაწყვეტილება, შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს. დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას ან მთავრობის მიერ დადგენილ სამინისტროს, საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილება ეძლევა. თავის მხრივ, საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს მიმოსვლის თავისუფლების, საკუთრების უფლების, შრომის უფლების, მეწარმეობის უფლების ნორმატიული აქტებით დადგენილისგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, მის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით შეზღუდოს ზემოთ დასახელებული უფლებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაშემზღუდველი ნორმა საქართველოს კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივი, ასევე ფორმალური თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს [...] ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით (მიმოსვლის თავისუფლება), „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის (შრომის თავისუფლება) შესაბამისად, „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. ამდენად, კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე, შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები.
საია მიიჩნევს, რომ შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია საკუთრების უფლებასთან მიმართებითაც. მთავრობას საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური ხასიათის რეგულაციების დაწესება შეუძლია. ტექნიკურ რეგულაციად ვერ იქნება მიჩნეული შესული ცვლილებებით განსაზღვრული ისეთი აკრძალვა, როგორიცაა მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია. საკუთრების უფლებით ტოტალურ აკრძალვას, როგორიცაა სასტუმროებისა და ტანსაცმლის მაღაზიების დახურვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, სჭირდება პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი მკაცრი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელში გადადის, რაც არღვევს საკუთრების უფლებას.
გააზიარე: