სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სასჯელის დანიშვნის წესთან დაკავშირებული კანონპროექტის გადახედვას ითხოვს

2013-03-14 05:30
Featured image

საია საქართველოს პარლამენტს მიმართავს იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა უპირობო შეკრების პრინციპს ანაცვლებს სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი. საია მიესალმება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებას, თუმცა მიაჩნია, რომ კანონპროექტში არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აუცილებლად საჭიროებს დახვეწას. 

კანონპროექტის მიხედვით, „დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს“, ხოლო, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას შესაძლებელია როგორც შთანთქმის, ისე ნაწილობრივი ანდა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენება. საიას მიაჩნია, რომ კანონპროექტმა გაუმართლებლად არ უნდა შეზღუდოს მოსამართლის თავისუფლება, გამოიყენოს სასჯელის დანიშვნის ალტერნატიული წესები, მათ შორის, დანაშაულის რეციდივის არარსებობის დროს. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შეაფასოს ინდივიდუალური გარემოებები, ბრალდებულის მახასიათებლები და ყველა სხვა რელევანტური ფაქტორის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელთა სრულად შთანთქმის, ნაწილობრივი შეკრების ანდა სრულად შეკრების წესის გამოყენების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ზოგადი წესის შემუშავება, რომელიც აპრიორი გულისხმობს მოსამართლის მიერ სასჯელების შთანთქმის წესის გამოყენებას ყველა იმ შემთხვევაში, როცა სახეზე არ იქნება დანაშაულის რეციდივი, ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევას. 

საიას უფრო მართებულად მიაჩნია სასჯელის დანიშვნის წესების დიფერენციაცია დანაშაულთა კატეგორიების კომბინაციების მიხედვით. მსგავსი მოდელი გათვალისწინებული იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაპირველ კანონპროექტში, რომელიც ასხავდა სისხლის სამართლის კოდექსის პირველად, 1999 წლის რედაქციაში მოცემულ ჩანაწერებს. კერძოდ, მითითებულ დოკუმენტში სასჯელის შეკრების წესი დამოკიდებული იყო დანაშაულთა კატეგორიების კომბინაციაზე: ნაკლებად მძიმე დანაშაულების შემთხვევაში სასჯელთა სრულად შთანთქმის პრინციპი მოქმედებდა, ნაკლებად მძიმე და მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში - მოსამართლე წყვეტდა სასჯელთა სრულად შთანთქმის, მათი ნაწილობრივ თუ სრულად შეკრების საკითხს, ხოლო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში - ასევე მოსამართლე წყვეტდა, ამჯერად სასჯელთა ნაწილობრივი თუ სრულად შეკრების საკითხს. აღნიშნული დაყოფა ლოგიკურია, ვინაიდან დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დანაშაულთა კატეგორიები, მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში მიდგომა უნდა იყოს უფრო ფრთხილი. კანონმდებლობამ არ უნდა შექმნას იმის შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ერთობლიობის დროს,  მოსამართლეს ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნა მოუწიოს.
 
საიას მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საჭიროებს არსებით გადამუშავებას. უმჯობესი იქნება თუ განსახილველი პროექტი დაუახლოვდება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის პირველად ვერსიას, რომელიც სასჯელის დანიშვნის წესს დანაშაულის კატეგორიებს უკავშირებდა.