სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოუწოდებს გადახედოს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას

2017-06-05 22:10
Featured image

ბოლო დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანელ პოლიტაქტივისტებს, ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებსუარს ეუბნება ბინადრობის ნებართვის მიცემაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არაერთი წელია ახორციელებს იმ პირთა სამართლებრივ დახმარებას, რომელთაც ბინადრობის ნებართვის მიღებაზე დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი. საია-ს მიერ შესწავლილი საქმეებიდან იკვეთება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბინადრობის უფლების მინიჭებაზე უარს ძირითადად სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ დასკვნას აფუძნებს. აღსანიშნავია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულიდასკვნა წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს, ხოლო ბინადრობის ნებართვის მომთხოვნი პირი - გადაამოწმოს ან გააბათილოს დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები.

ამასთან,ე.წ. ,,უარყოფითი დასკვნის“ არსებობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უპირობოდ არ ართმევს უფლებას დადებითად გადაწყვიტოს ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხი, რადგან შესაძლოა, არსებობდეს სხვა გარემოებათა ერთობლიობა, რომლებიც უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას იძლევა[1]. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,უარყოფითი დასკვნა“ სააგენტოსათვის საკმარისი საფუძველია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარის სათქმელად, რაც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ ფაქტობრივად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აქცევს.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ უარყოფითი დასკვნის პირობებშიც საკითხის სრულყოფილად შესწავლა მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით არაერთხელ დადასტურდა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნები იყო დაუსაბუთებელი.

 

მაგალითისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ[2]კონტრდაზვერვის წერილის შეფასებისას მიუთითა, რომ ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენის წერილშიმოყვანილი არგუმენტები მათი დაუსაბუთებლობის გამო არ ქმნიდნენ საფუძველს, იმ დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ [აპელანტის] საქართველოში ცხოვრება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეუწონელია“. ამავე საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებული იყო გამოეკვლია კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმი, შეეფასებინა და შეეჯერებინა ყველა ფაქტობრივი მონაცემი, და ისე მიეღო გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

საია ადასტურებს, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, თუმცა, დაუშვებელია ბინადრობის ნებართვის მიცემაზე დაუსაბუთებლად, ჰიპოთეტურ საფრთხეებზე დაყრდნობით უარის თქმა. არსებული პრაქტიკის ფონზე, საია მოუწოდებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის მინიჭებისას იმოქმედოს კანონის შესაბამისად და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის პირობებშიც, შეაფასოს საქმეში არსებული სხვა გარემოებები, რომელთა ერთობლიობამ შესაძლოა გადაწონოს უარყოფითი დასკვნა. 

 

საია ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, განაგრძოს იმ პირების სამართლებრივი დახმარება,რომელთაც დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე.

 


[1]უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1.უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ:

ა) არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ანდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ;

 

[2]თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #3ბ/157-15);