სიახლეები
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადავადებასთან დაკავშირებით. კანონი, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო, ითვალისწინებდა, რომ ინსპექტორის მანდატი სამოხელეო დანაშაულთა ნაწილზე, წამების, დამამცირებელი ან არასათანადო მოპყრობისა და ასევე, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. წარმოდგენილი კანონპროექტით, გათვალისწინებულია ამ ვადის გადაწევა 6 თვით.
მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედების ვადის გადავადება გამოწვეულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების არასათანადო მოქმედებებით, დროულად არ იყო გატარებული ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელი იყო კანონის ასამოქმედებლად და არ მომხდარა როგორც მიმდინარე, ისე შემდეგი წლის ბიუჯეტების დაგეგმვა იმგვარად, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ამ ღონისძიებათა გატარების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღება განპირობებული იყო საქართველოს მიერ ნაკისრი არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმების გატარების საერთაშორისო ვალდებულებების, კერძოდ, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგით“ განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად. გარდა ამისა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის შექმნის ვალდებულებას ითვალისწინებს, როგორც 2017-2018 წლების ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა, ასევე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №338 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაც.
საიამ 2018 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეჯამების ანგარიშში აღნიშნა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა საკითხი, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი კანონის ამოქმედება 2019 წლის 1 იანვრისთვის. ვფიქრობთ, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ინსპექტორის შეზღუდული მანდატისა და უფლებამოსილებების გამო, მართალია ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუტის მიერ მისი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ პირობებშიც კი, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ამ ცვლილებათა დროული ამოქმედება.
დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის დროულად შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით, რომლითაც უარყოფითად შეფასდა პროკურატურის რეფორმა და აღინიშნა, რომ „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ამ პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის კონსტიტუციით გარანტირებულ დამოუკიდებლობას და საჭიროებს შემდგომ რეფორმას, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოქმედდეს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის დებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:
- გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება და გააკონტროლოს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონის დროულად ამოქმედების საკითხი;
- პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებათა ფარგლებში შეისწავლოს, თუ რატომ ვერ მოხერხდა იმ ყველა აუცილებელი ღონისძიების გატარება, რომლებიც საჭირო იყო კანონის 2019 წლის 1 იანვრისთვის ასამოქმედებლად.
გააზიარე: