სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებული პირები კომპენსაციას მიიღებენ

2016-11-01 13:23
Featured image

საია თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ხუთი ოჯახის ინტერესებს ქალაქ თბილისის მერიის, ქალაქ თბილისის მთავრობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ითხოვდნენ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, რადგან მათ სტიქიის ზონაში ათეულობით წლის წინ დაკავებული ჰქონდათ მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და შესაბამისად, წარმოადგენდნენ დაკავებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლეებს.

ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო უარს აცხადებდა ქონების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელეები ცხოვრობდნენ რეკრეაციულ ზონაში და ვერ მოხდებოდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, შესაბამისად, ვერ გაიცემოდა კომპენსაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის გაცემა შესაძლებელი იყო საკუთრების უფლების აღიარების გარეშეც და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ბათილად იცნო და დაევალა ქონების მართვის სააგენტოს მოსარჩელეთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კომპენსაციის გაცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისათვის კანონიერ ძალაში არ არის შესული და მოპასუხეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

 

ფოტო "ნეთგაზეთი"