GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

01 მაისი, 2020

1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს მშრომელთა სოლიდარობისთვის და ყოველწლიურად გვახსენებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ეს პირები დგანან. 1 მაისი გვახსენებს დასაქმებულების მიერ გაწეული შრომის მნიშვნელობას და ღირსეული სამუშაო პირობების აუცილებლობას. შრომის უფლება სოციალური უფლებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და უკავშირდება სოციალური სახელმწიფოს არსს, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის ღირსეული ყოფის უზრუნველყოფაა.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ იმ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პანდემიის პირობებში, საქართველოსა და მსოფლიოში დგანან საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. პანდემიამ კარგად დაგვანახა არამარტო ექიმების, არამედ ექთნების, სანიტრების, მომსახურების და სხვა სფეროში დასაქმებული პირების სამუშაოს მნიშვნელობა, რომლებსაც დღეს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს ეკისრება მომეტებული ვალდებულება, ამ პირთა შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოში არაერთი ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა. აღნიშნული გამოწვევა საქართველოშიც აქტუალურია და ამ პირობებში უამრავმა ადამიანმა, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სექტორში დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა პირებმა დაკარგეს სამსახური, ხოლო ნაწილს არანებაყოფლობით მოუწია არაანაზღაურებად შვებულებაში გასვლა. 

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს შრომითი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი არ ვრცელდება შრომის პირობების შემოწმებაზე, აღნიშნული უფრო მეტად ზრდის საფრთხეს, ამ პირობებში მოხდეს დასაქმებულების სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლება ან/და არაანაზღაურებად შვებულებაში გაშვება.

მთავრობამ ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა და მათ შორის განსაზღვრა კორონავირუსის პანდემიის შედეგად სოციალური დახმარების პაკეტი იმ დასაქმებულების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია არამხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირებისათვის დახმარების პაკეტი, არამედ არაფორმალურ სექტორსა და თვითდასაქმებული პირებისათვის დახმარება. 

თუმცა, კითხვებს აჩენს, რამდენად ადეკვატურია არაფორმალური ან/და თვითადასაქმებული პირებისათვის შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, მაშინ როდესაც, ეს პირები პანდემიის დროს დარჩნენ დღიური შემოსავლის გარეშე. ასევე, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კომპენსაციების მიღების ინსტრუქციის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში, არ არსებობს თვითდასაქმებული და არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირებისათვის ამ დახმარების მიღების შესაძლებლობა. დღეს არსებული მოცემულობით, პირი, რომელიც დასაქმებული იყო ფიზიკურ პირთან (ძიძა, დამლაგებელი, მძღოლი და ა.შ.) ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას. 

საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, იზრუნოს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო დონეზე შრომის ერთიანი პოლიტიკის არარსებობა და შრომითი უფლებების გარანტირების მნიშვნელობის სათანადოდ გაუაზრებლობა უარყოფით ეფექტს ახდენს რიგითი დასაქმებულის სოციალურ დაცვასა და სტაბილურობაზე, რაც, თავის მხრივ, დამაზიანებელია სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფომ დროულად განახორციელოს შრომის კანონმდებლობის რეფორმა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რითაც მეტად იქნება დაცული დასაქმებულების უფლებები. 

COVID-19-ის გავრცელების პირობებში, გააგრძელოს/გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, სამსახურის დაკარგვის გამო დაზარალებულ პირთათვის ადეკვატური კომპენსაციის მიცემითა და მათი შრომითი უფლებების სათანადო რეალიზებისათვის. 

ასევე მნიშვნელოვანია შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაკარგეს სამსახური, არ დარჩნენ ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული სოციალური დახმარების გარეშე. 

 

სხვა სიახლეები