GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 მაისი, 2020

17 მაისი ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია ევროპის პარლამენტისა და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ.   

ლგბტქი თემი ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. COVID-19-ის პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მძიმეა მათი როგორც სოციალური ისე უფლებრივი მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო წლების  განმავლობაში სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გარკვეულ ასპექტებში გააუმჯობესა, კერძოდ 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მთელი რიგი საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება კვლავაც აქტუალურია.1 

განსაკუთრებული გამოწვევაა მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების საკითხი. კერძოდ, პრობლემად რჩება სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და  ჩამდენ პირთა დასჯა. ასევე,  ყურადღების მიღმა რჩება ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში  არსებული პრობლემები.  

ლგბტქი თემის შეკრების თავისუფლების რეალიზების საკითხი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო 2019 წელსაც.  კერძოდ, 2019 წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის ჩატარება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომ „...დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია...2 ამ ნაბიჯით სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი თქვა მისი პოზიტიური ვალდებულების შესრულებაზე.

ქვიარ ადამიანების დისკრიმინაცია შრომით ბაზარზე ახალი არ არის ქართული რეალობისთვის.  ლგბტქი ადამიანები ხშირად გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან. შესაბამისად, სამუშაო ადგილზე ნაწილ მათგანს უწევს ორიენტაციისა და იდენტობის დამალვა, რათა თავი აარიდოს დისკრიმინაციას.  ნაწილი მათგანი, კი იძულებული ხდება თავი ირჩინოს სექსმუშაკობით3  და ამით გამოიმუშაოს ფინანსები. პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ მათ საარსებო წყაროსა და კეთილდღეობაზე მკვეთრი ზემოქმედება მოახდინა, რამაც თემის მოწყვლადობა და გარიყულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა. 

სახელმწიფოს მხრიდან Covid-19 -ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ლგბტქი პირების საჭიროებების გათვალისწინება არ მომხდარა ან მოხდა ფრაგმენტულად, რამაც ქვიარ ადამიანები ჩააყენა მძიმე, ფინანსურად არასტაბილურ მდგომარეობაში. გამომდინარე იქედან, რომ ნაწილი მათგანი თვითდასაქმებით ირჩენს თავს, სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის გასაცემი კომპენსაციის გეგმაში ლგბტქი პირები ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩენილი პირები, საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ4. ამასთანავე, ქვეყანაში არ არსებობს ლგბტქი ადამიანებზე მორგებული სერვისები და პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის მსხვერპლთა უკეთ დაცვასა და რეაბილიტაციას, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში.

პანდემიის დროს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სერვისების მიუწვდომლობა განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ლგბტქი პირებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებების მკურნალობის, ან/და რუტინული სამედიცინო დახმარების საჭიროება გააჩნიათ. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ქვიარ ადამიანებს კი ნაკლებად აქვთ ფინანსური შესაძლებლობა5 გადაადგილდნენ სხვა ტიპის ტრანსპორტით.

2020 წლის აპრილში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი გამოეხმაურა პანდემიის დროს ლგბტქი პირთა მდგომარეობას.6  კომისრის ოფისის განცხადებით ლგბტქი ადამიანები რეგულარულად ექვემდებარებიან დისკრიმინაციას. COVID-19 პანდემიის დროს კი შეიძლება განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ. ამიტომაც, გაერო მოუწოდებს სახელმწიფოებს აღიარონ, რომ არსებული კრიზისის დროს ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია და  აუცილებელია პანდემიის მართვის პირობებში გადადგმული ნაბიჯები ითვალისწინებდეს ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს. 

შესაბამისად, საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 

- გააძლიეროს ძალისხმევა, ლგბტქი პირთა მიმართ  დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

- უზრუნველყოს, ლგბტქი პირებისათვის აუცილებელი სერვისების შემუშავება,  მათ შორის პანდემიით  გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად; 

- უზრუნველყოს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციისთვის შემუშავებულ გეგმაში ლგბტქი პირებისთვის დახმარების პაკეტი.

- უზრუნველყოს დროებითი საცხოვრებელი ფართით ლგბტქი ადამიანები, რომლებმაც პანდემიის პირობებში საცხოვრებელი დაკარგეს.

 

 1ტრანსგენდერი მამაკაცის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე საქართველოს უარი საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ხელმისაწვდომია https://bit.ly/2DUpSaO

 2შსს განცხადება. ხელმისაწვდომია https://bit.ly/2Lxf9Y2 

3TRANSGENDER EXPERIENCES IN THE SEX TRADE“, 2015, გვ. 5,  ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: https://bit.ly/2WWGDeC

4კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, კომპენსაციების მიღების ინსტრუქცია, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე:   https://bit.ly/3dEjVij

5 „კოალიცია თანასწორობისთვის“ განცხადება, 2019, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: https://bit.ly/2xZM1FB "

6 News latter „COVID-19 AND THE HUMAN RIGHTS OF LGBTI PEOPLE“, UN, 2020,  ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე:  https://bit.ly/3fOsR6r

 

 

სხვა სიახლეები