GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 ოქტომბერი, 2020

2018 წლის 6 ივლისს, თორნიკე მერებაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გამავალ საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვნეს. მიღებული დაზიანებების შედეგად იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. პროკურატურის ვერსიით, გზაზე მიმავალ თორნიკე მერებაშვილს ავტომანქანამ შემთხვევით გადაურა. შესაბამისად, მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის საფუძვლით წარედგინა ბრალი.[1] საია დაზარალებულის უფლებამონაცვლის, თორნიკე მერებაშვილის მამის ინტერესებს იცავს და აქვს შესაძლებლობა, საქმის მასალებზე დაყრდნობით შეაფასოს გამოძიების მიმდინარეობა და მისი ხარისხი. საქმეში არსებული გარემოებები პროკურატურის ვერსიას საეჭვოს ხდის და გამოძიების არაეფექტიანობას ადასტურებს:

- გამოძიების დროს გამოიკვეთა, რომ თორნიკე მერებაშვილზე ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ძალადობა განხორციელდა, რასაც სავარაუდოა, რომ კავშირი აქვს დამდგარ შედეგთან. მაგალითად, თორნიკე მერებაშვილის სისხლის კვალი აღმოჩნდა იმ პირის შარვალზე,  რომელმაც იგი ერთ-ერთმა ბოლომ ნახა. ასევე, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა, რომელზეც აღბეჭდილია გარდაცვლილის სისხლიანი თითის კვალი. თუმცა, გამოძიებას აღნიშნული საკითხები ამ დრომდე არ გამოუკვლევია და შესაბამისად, სრულად არ აღუდგენია თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებამდე არსებული რეალური სურათი.

- საქმის მასალებით ასევე იკვეთება, რომ 2018 წლის 6 ივლისს 01:05 – 01:30 შუალედში თორნიკე მერებაშვილმა სატელეფონო ზარი განახორციელა მის ბიძაშვილთან და შემდგომ „112“-ში. ორივე ადრესატთან განხორციელებული ზარის დროს მერებაშვილმა განაცხადა, რომ იყო დაჭრილი და დახმარებას საჭიროებდა. არსებული ზარის შინაარსის მნიშვნელობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოებს არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ მეტი დეტალი განხორციელებული ზარის შინაარსის ირგვლივ, მათ შორის, კონკრეტულად რა ფაქტზე საუბრობდა თორნიკე ან/და ვისი მხრიდან განხორციელდა მისი დაჭრა.

- გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო ორგანო დანაშაულის გასახსნელად სათანადოდ არ ატარებდა შესაბამის საპროცესო მოქმედებებს. მაგალითად, მოწმეები გამოკითხა იმგვარად, რომ შეუძლებელია მომხდარის შესახებ არსებითი დეტალების გამოკვეთა, ხოლო უკვე გამოკვეთილ დეტალებს შორის კავშირის დადგენა. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებები აჩენს ეჭვს, რომ მოწმეებმა გამოძიებას არ მიაწოდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალები, მათ შორის, თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, ან/და მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოს აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენია.  

- 2018 წელს 06 ივლისს, საგამოძიებო ორგანომ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა დაედგინა დაზიანებების მახასიათებლები და გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობები ორივე მხარეს, რაც კავშირში იყო თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალებასთან. ხოლო მოგვიანებით ჩატარებულმა კომპლექსურმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა არა ნეკნების, არამედ მენჯის ძვლების მოტეხილობა. მართალია, პირველი დასკვნა არსებითად ეწინააღმდეგებოდა კომპლექსური ექსპერტიზის 2019 წლის დასკვნას, დაზარალებულის უფლებამონაცვლის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დამდგარა სავარაუდო ყალბი დასკვნის გამცემი ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი.

 

საქმეში არსებული შეუსაბამობების და ღიად დარჩენილი კითხვების გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ამ დრომდე  განხორციელებული ქმედებები არ არის საკმარისი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საია მოუწოდებს პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და სრულყოფილად დაადგინოს თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების გამომწვევი  მიზეზები.

 


[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 276.

სხვა სიახლეები