სიახლეები
საია-მ პარლამენტის წევრების[1] მიერ ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებთან[2] დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები წარუდგინა.
საია დადებითად აფასებს პარლამენტის სპიკერატში წევრთა 4-მდე შემცირებას. თუმცა, მოუწოდებს პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარის 1-ლი და მე-3 მოადგილეების თანამდებობები ოპოზიციისთვის დაბევებულ თანამდებობად განსაზღვროს.
ცვლილებებით უქმდება უმცირესობის ცნება და მას „ოპოზიცია“ ანაცვლებს. აგრეთვე, უქმდება უმრავლესობა, როგორც სუბიექტი, და მისი ლიდერი თანამდებობის პირი აღარ იქნება. ეს ცვლილება მისასალმებელია. თუმცა, რეკომენდირებულია უმრავლესობის ლიდერის სტატუსიც გაუქმდეს და მისი ფუნქციები უმრავლესობაში შემავალი უდიდესი ფრაქციის თავმჯდომარემ იტვირთოს.
ცვლილებები ეხება კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების მქონე სუბიექტთა წრეს, თუმცა, უცვლელი რჩება მისი არჩევის წესი. საია მიიჩნევს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები პარტიებმა პარლამენტში საკუთარი წილის პროპორციულად უნდა დაიკავონ.
პროექტით უცვლელი რჩება კომიტეტის თავმჯდომარეთა მოადგილეების რაოდენობა. საიას შეთავაზებაა მათი რიცხვი ერთამდე შემცირდეს. ამავდროულად თუ კომიტეტის თავმჯდომარე უმრავლესობის წარმომადგენლი იქნება მისი მოადგილის თანამდებობა ოპოზიციის წევრმა უნდა დაიკავოს და პირიქით.
კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების წესი, ინტერპელაცია და კომიტეტის სხდომაზე პირის დაბარება. ამის საპირისპიროდ საია-მ პარლამენტს სთავაზობს კომპლექსური ცვლილებებს, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს როგორც საკომიტეტო, ისე პარლამენტის პლენარული სხდომის საზედამხედველო ფუნქციებს. დოკუმენტი მომზადებულია 2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო, აგრეთვე 2020 წლის საგაზაფხულო სესიებზე გამოვლენილი ხარვეზების ანალიზის შედეგად და მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიც არის: სამთავრობო საათისა და ad hoc მომხსენებლის ინსტიტუტის შემოღება; საკომიტეტო სისტემის რეფორმა; საკომიტეტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება; თემატური მომხსენებლის, სამუშაო ჯგუფის, თემატური მოკვლევის ჯგუფის, ნდობის ჯგუფის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის ანგარიშების, დროებითი და დროებითი საგამოძიებო კომისიების ინსტიტუტების სრულყოფა.
[1] ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და გურამ მაჭარაშვილი. [2] ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/20448, განახლებულია: 08.06.20.
გააზიარე: