სიახლეები
საქართველოს მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც გულისხმობს პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში დაგეგმილ ცვლილებებს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაციასა და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემის შექმნას.
პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სტრუქტურა არის მთავარი პრობლემა, რაც პროკურატურის სისტემას ორგანიზაციული თვალსაზრისით უდგას. ცენტრალიზებული სისტემა, პროკურატურის მუშაკთა თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების არსებული წესი, ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალურად მუშაობის გარანტიების არარსებობა და სხვა მსგავსი პრობლემები პროკურატურის დეპოლიტიზირების ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელია.
პროკურატურის ორგანოთა მუშაობაში რეალური ცვლილებების გატარებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ვიწრო შიდა სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება. მხოლოდ შიდა ორგანიზაციული ცვლილებები და აღნიშნული ცვლილებების მთავარი პროკურორის მიერ ერთპიროვნულად განხორციელება ვერ იქნება შედეგიანი ქვეყნისა და ფართო საზოგადოებისთვის, ვერ მოემსახურება პროკურატურის დეპოლიტიზირებისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზანს.
რეალური ცვლილებების მისაღწევად საჭიროა პროკურატურის სისტემის რეორგანიზაცია განხორციელდეს უფრო ფართო რეფორმის სახით, რომელიც გაითვალისწინებს საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოფს რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებას ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით.
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2018 წლის ნოემბრიდან საქართველოს პროკურატურის სისტემა ყალიბდება დამოუკიდებელ უწყებად და ის აღარ იქნება იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. კონსტიტუციური ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რაც არსებითად შეცვლის პროკურატურის სისტემას. ცვლილებებს საჭიროებს საპროკურორო საბჭოს ფუნქციათა ჩამონათვალიც. პროკურატურაში ორგანიზაციული ცვლილებებიც მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს:
1. რეორგანიზაციის პროცესის დაგეგმვის ეტაპიდან მისი შესრულების ჩათვლით უზრუნველყოს პროცესის ღიაობა და გამჭვირვალობა, დაინტერესებული სუბიექტების ჩართვა და მათთან დისკუსიის შედეგად გადაწყვეტილებების მიღება;
2. ორგანიზაციული ცვლილებები დაგეგმოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის და ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალობის გარანტიების გაზრდის მიზნით, პროკურატურის სისტემაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში.
საია აცხადებს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის გამართულ სამუშაო პროცესში და ხელი შეუწყოს პროკურატურაში რეალური რეფორმების გატარების პროცესს.
გააზიარე: