GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 ივლისი, 2020

ანგარიში მიზნად ისახავდა პანდემიის პირობებში სასამართლო სისტემის წინაშე სისხლის სამართლის პროცესებზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. შესაბამისად, გაანალიზდა ამ პერიოდში მართლმსაჯულების სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და დისტანციურად მონიტორინგი გაეწია 141 სისხლის სამართლის სხდომას.

მონიტორინგი საია-ს მიერ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს. პროექტის მიზანია, სასამართლო სხდომის დარბაზში პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვებით და შეგროვებული ფაქტობრივი ინფორმაციის ანალიზით, გაიზარდოს საქართველოს სასამართლოებში სისხლის სამართალწარმოების გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები.

ანგარიშის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახიის მიგნებები: 

 

  • ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც წარმოიშვა დისტანციურ სამართალწარმოებაზე გადასვლის საჭიროება, სასამართლომ დროულად უზრუნველყო დისტანციურ პროცესებზე გადასვლა, თუმცა პირველ ეტაპზე არსებობდა საჯაროობის კუთხით გამოწვევები;
  • თავდაპირველად, მარტიდან მაისის თვემდე, სხდომების საჯაროობისა და გამჭირვალობის კუთხით არსებობდა სრული შეზღუდვა და დაინტერესებული პირები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დასწრებოდნენ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მიმდინარე დისტანციურ სხდომებს;
  • სხდომების დისტანციური ჩართვების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ტექნიკური ხარვეზებია, რაც ხშირად იწვევს სხდომების დაგვიანებით დაწყებასა და გადადებას;
  • დისტანციურ სხდომებზე პრობლემურია მტკიცებულებების გამოკვლევა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოწმეები სასამართლოზე იკითხებოდნენ პოლიციის განყოფილებიდან, რა დროსაც არ არის დაზღვეული სამართალდამცავების მხრიდან მათზე რაიმე სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედების რისკები, რომ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდონ ბრალდების მხარისთვის სასურველი ინფორმაცია;
  • დისტანციურ სხდომებზე პრაქტიკულად შეუძლებელია  ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა. ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევა გულისხმობს უშუალოდ სასამართლოს სხდომის დარბაზში მხარეთა მონაწილეობით დალუქული მტკიცებულების გახსნას, მის დათვალიერებას, რომ არ გაჩნდეს ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ;
  • რამდენიმე პროცესზე, სადაც ხდებოდა ვიდეო-ჩანაწერის გამოკვლევა, გამოიკვეთა ხარვეზები, კერძოდ ჩანაწერი არ იყო მხარეთათვის აღქმადი;
  • ბრალდებულებს, რომლებიც სასამართლოს ერთვებიან პენიტენციური დაწესებულებიდან შესაძლოა შეექმნათ დაბრკოლება, თამამად  და ღიად განაცხადონ მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, მით უფრო ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც ძალადობა სავარაუდოდ თავად პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდანაა განხორციელებული;
  • დისტანციური სამართალწარმოებისას საფრთხე შეექმნა ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კონფიდენციალურ ურთიერთობას. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დისტანციურ პროცესზე ადვოკატის კონსულტაცია ბრალდებულთან მესამე პირებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო.
  • დისტანციურად მიმდინარე პროცესის დროს არსებობს ბრალდებულის და პროცესის მონაწილე სხვა პირთა პერსონალური ინფორმაციის, ასევე დახურულ სხდომებზე გაჟღერებული საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების საფრთხე.

 

 

მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის არ ასახავს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

სხვა სიახლეები