სიახლეები
საია ეხმიანება ბოლო პერიოდში ქუთაისსა და თიანეთში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს, აგრეთვე ქუთაისის ინციდენტის დროს ჟურნალისტებისათვის ხელშეშლის ფაქტს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს უარი თქვან ძალადობაზე. მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვას და ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს.
ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისში
2018 წლის 19 სექტემბერს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ქუთაისში. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში ურტყამდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა" სახის არეში დაზიანებები მიიღო. საკრებულოს სხდომას საიას დამკვირვებელიც ესწრებოდა.
დაპირისპირების სავარუდო მიზეზი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები გახდა, რომლებიც უკავშირდება სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, დაპირისპირება იყო დადგმული და რეალურად უკავშირდებოდა 18 სექტემბერს გიორგი ჭიღვარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. სხდომის დაწყების შემდეგ საკითხის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, გაჟღერდა პროვოკაციული განცხადებებიც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული იყოს საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პოლიტიკურ შეხედულებებთან, ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და გამოძიების ორგანოებმა გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას. გამოიკვლიონ საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივი და მისი დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიანიჭონ შესაბამისი კვალიფიკაცია. (მაგალითად საქმე გადაკვალიფიცირდეს დევნაზე, სსკ-ის 156-ე მუხლი).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი, ,,ქუთაისიპოსტის" კამერას ხელს აფარებდა, რათა ჟურნალისტებს საკრებულოში 2018 წლის 19 სექტემბერს ჩხუბის ამსახველი კადრები არ გადაეღოთ, ხოლო საკრებულოს დეპუტატი ,,ქართული ოცნებიდან", შეეცადა ჟურნალისტები სხდომათა დარბაზიდან არ გამოეშვა.
მიგვაჩნია, რომ „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტის მიმართ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, სავარაუდოდ ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას - იძულებას, ჟურნალისტმა თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან.
ფიზიკური დაპირისპირება თიანეთში
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბერს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თიანეთში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტის, საქართველოს პარლამენტი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი რომა ფაშურიშვილის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევას მოჰყვა.
საიას დამკვირვებელმა აღნიშნული ინფორმაცია დაპირისპირებულ მხარეებთან გადაამოწმა.
ნაციონალურ მოძრაობაში განაცხადეს, რომ ფაშურიშვილმა გრიგოლ ვაშაძის პლაკატები ჩამოხია და სოციალურ ქსელში facebook გვერდზე განათავსა. მათი განცხადებით, ეს არის გრიგოლ ვაშაძის პლაკატების ჩამოხევის პირველი შემთხვევა და ისინი საკადრის პასუხს გასცემენ მათი კანდიდატის კამპანიის ხელშეშლის ყველა შემთხვევას, მათ შორის ფიზიკურადაც.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 156-ე მუხლით, რაც დევნას გულისხმობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს დავით ჯიმშიტაშვილს ქართული ოცნების აქტივისტთან დაპირისპირების გამო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
სამართალდამცავ ორგანოებს:
- იმოქმედონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და უზრუნველყონ ზემოაღნიშნული ფაქტების დროული, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება.
საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს:
- პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, ხელი არ შეუშალონ კონკურენტებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში, თავი შეიკავონ ძალადობისა და დაპირისპირებისაგან.
- არ გამოიყენონ მერია/საკრებულო პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დაპირისპირებისათვის.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო მონიტორინგს და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.
გააზიარე: