სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს ადმინისტრაციული დაკავების ფაქტს აპროტესტებს

2012-09-23 13:32
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საადვოკატო დახმარებას უწევს 2012 წლის 21-22 სექტემბერს დაკავებულ დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილს. სამივე მათგანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა (მოსამართლეები მირანდა ერემაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი) და პოლიციის მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობის მოტივით ფაცაციას 40 დღით, ხოლო ცაგურიასა და ალადოშვილს 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსამართლეების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც დაცვის მხარეს არ მისცა იმის დადასტურების შესაძლებლობა, რომ დაკავებულ პირებს სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ. მოკლედ აღვნიშნავთ რამდენიმე ასეთი დარღვევის შესახებ:

1. მოსამართლეთა განმარტებით, სასამართლოში საქმის განხილვისას არც დაკავებულ პირს და არც მის ადვოკატს უფლება არ აქვს შეკითხვით მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს, რადგან ვითომ ამას კანონმდებლომა არ ითვალისწინებს. სასამართლოს ეს განმარტება ცალსახად უკანონოა და ეწინააღმდეგება, როგორც საპროცესო კანონმდებლობის კონკრეტულ ნორმებს, ასევე ფუძემდებლურ პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,დაცვის უფლება გარანტირებულია”. გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს დაცვის უფლების გარანტირება, თუ პასუხისგებაში მიცემულ პირს ან მის ადვოკატს  სასამართლო იმ პოლიციელისთვის შეკითხვის დასმის უფლებასაც კი არ მისცემს, რომელიც დაკავებულს ბოროტ დაუმორჩილებლობას,  ან სხვა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას აბრალებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მონაწილეობით ამავე მოსამართლეებს განუხილავთ არაერთი საქმე, სადაც შეკითხვის დასმის ფორმალურ  პროცედურაზე პრობლემა არ შეუქმნიათ (მაგალითად მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილმა 2011 წლის 27 მაისს და 2012 წლის 25 თებერვალს განიხილა დავით ფაცაციას საქმე). მას შემდეგ არ შეცვლილა საქმის განხილვის მარეგულირებელი ნორმები, თუმცა ფაქტია, რომ შეიცვალა მოსამართლეთა მიდგომა, რომელიც ამ ცვლილების გარეშეც უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს ატარებდა. ა/წ 21-22 სექტემბერს საქმეთა განხილვისას ნათლად დასტურდებოდა, რომ პოლიციელები ცრუობდნენ, ისინი ურთიერთშეუსაბამო ახსნა-განმარტებას იძლეოდნენ და იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სასამართლომ დაცვის მხარეს სწორედ იმიტომ არ მისცა კითხვის დასმის უფლება, რომ პოლიციელთა სიცრუე და მათი ჩვენებების ურთიერთშეუსაბამობა კიდევ უფრო ცხადი არ გამხდარიყო.

2. დაცვის მხარემ თითოეულ საქმეზე დააყენა დაახლოებით 10 შუამდგომლობა, საიდანაც მოწმეთა სახით პოლიციელთა დაკითხვის გარდა არცერთი არ დაკმაყოფილდა. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლომ არ გამოითხოვა დაკავების ადგილას დამონტაჟებულ ვიდეო კამერათა ჩანაწერები, სადაც მაღალი ალბათობით დაფიქსირებული იქნებოდა დაკავების ამსახველი კადრები; სასამართლომ არ დანიშნა ექსპერტიზა პატრულ-ინსპექტორის პერანგზე, რომელზეც პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ის დაჩი ცაგურიამ შემოახია დაკავების დროს. თუმცა, ამ პერანგს ვიზუალური დათვალიერებით ეტყობოდა, რომ ბასრი საგნით იყო გაჭრილი; სასამართლომ, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ცაგურიას საქმეზე უარი გვითხრა, რომ ჯერ მოგვესმინა სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელის ახსნა-განმარტება, ხოლო შემდეგ დაკითხულიყო მოწმე პოლიციელი, რათა ოქმის შემდგენს არ მოესმინა მოწმის ჩვენება და შემდეგ იგივე არ გაემეორებინა; ფაცაციას საქმეზე სასამართლომ უარი გვითხრა მოწმის სახით იმ პირის დაკითხვაზე, რომელიც ფაცაციას დაკავებისას ახლდა (იმ მოტივით, რომ ეს პირი დაინტერესებული იქნებოდა და უტყუარ ჩვენებას არ მოგცემდა); საქმეთა მსვლელობის დროს პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილ არაერთ წინააღმდეგობასა და შეუსაბამობაზე არცერთ მოსამართლეს კითხვა არ გასჩენია და, როგორც აღვნიშნეთ, არც დაცვის მხარეს მიეცა შეკითხვის დასმის უფლება და ა.შ.

საია ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს დადგენილებებს და მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შექმნას მსგავსი საქმეების კანონის მოთხოვნათა განხილვის პრეცედენტი.

ამ საქმეთა ანალიზი გვიქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მითითებულ პირთა დაკავების მიზეზი მათი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობა გახდა და არა რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენა.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ დ.ცაგურიასა და ბ.ალადოშვილის განცხადებით როგორც დაკავების მომენტში, ასევე პოლიციაში მიყვანის შემდეგ ისინი ჯგუფურად სცემეს პოლიციელებმა. პოლიციის შენობაში მათ ცემაში მონაწილებას იღებდნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირები. დაკავებულთა განცხადებით, ცემის შემდეგ პოლიციელები დასცინოდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.  ფიზიკური დაზიანების ნიშნები დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, რომელმაც დ.ცაგურია მოინახულა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საია კიდევ ერთხელ კატეგორიულად გმობს მსგავს არაადამიანურ მოპყრობას ნებისმიერი პირის მიმართ და მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ფაქტი. ჩვენ შევახსენებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლები დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირ ავალდებულებს გამოძიების დაწყებას. ამავე დროს, ვიტოვებთ იმედს, რომ ამჯერად მაინც გამოძიება სწრაფად და ეფექტურად წარიმართება და მომავალში სისტემური მარცხები აღარ გამოვლინდება.