GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 მარტი, 2018

საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანებიან ორ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებშიც სავარაუდოდ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში პროკურატურის მიერ გამოძიების გაჭიანურება, ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ამ დრომდე განხორციელებული ხარვეზიანი მართლმსაჯულება ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, მის მიმართ ნდობას და საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.  

2016 წლის აგვისტოში დაიწყო და კვლავ ჭიანურდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე ფაქტიდან გამომდინარეობს და იმავე დღეს დაიწყო გამოძიება მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის მიერ გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (მოსამართლის მიმართ მუქარა სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ამ საქმის გამოძიება დასრულებულია და ამჟამად საქმეს განიხილავს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო. ორივე საქმეზე წელიწად ნახევრის განმავლობაში განვითარებული  მოვლენები მიუთითებს შერჩევით მიდგომაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა ამ საქმეებში, კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ, ხელს უშლის მოქალაქის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.      

გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ არის მოქალაქეების სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მაღალი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს გამოძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის შესაძლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით (ფაქტზე გავრცელებულია ვიდეო ჩანაწერიც), სერიოზულ ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და სანდოობას. ასევე, არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.

მოვუწოდებთ გიორგი მიქაუტაძეს:

სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის და მართლმსაჯულების განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის დაცვის მიზნით, გადადგეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის და შესაბამისად, საბჭოს მდივნის თანამდებობიდან;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას:

სწრაფად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიძიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის სავარაუდო ცემის ფაქტი.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

შეასრულოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის დაცვის მასზე დაკისრებული ფუნქცია და პროკურატურას მიმართოს მიმდინარე გაჭიანურებული გამოძიებების სწრაფად, ყოველმხრივ და ეფექტურად გამოძიების, საზოგადოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდების მიზნით. 

 

 

დანართი:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმის გარემოებები  

საია იცავს თამარ ხაჭაპურიძის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში 2016 წლის 26 აგვისტოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით) მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიმართ. ასევე, საია იცავს თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ არასწრულწლოვანი ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტს.  

აღნიშნული საქმეების წარმოებისას, თავიდანვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს მიუკერძოებლობის თაობაზე. შესაძლოა მათი მოქმედებები სცილდებოდეს მართლმსაჯულების ინტერესებს და კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ, მიზნად ისახავდეს თამარ ხაჭაპურიძის მიმართ მკაცრი მოპყრობის დემონსტრირებას, ან, გიორგი მიქაუტაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან არიდებას, მათ შორის, გამოძიების მიზანმიმართული გაჭიანურების გზით. ხსენებულ ფაქტს საია საჯარო განცხადებით ჯერ კიდევ  2016 წლის სექტემბერში გამოეხმაურა, სადაც მითითებულია იმ გარემოებების შესახებ, რამაც თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თამარ ხაჭაპურიძის მიმართ სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება: თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე დააკავეს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, თუმცა, აღნიშნული საფუძვლის არსებობა სათანადოდ არ იყო დასაბუთებული; არასათანადოდ იყო დასაბუთებული სასამართლოს განჩინება ხაჭაპურიძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შესახებ; კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ბრალდებაში აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციის სისწორე და სასჯელის პროპორციულობა.

საქმეების ირგვლივ დღემდე განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით:

სახეზეა შერჩევითი მიდგომა ერთი ფაქტის გარშემო დაწყებული ორი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სისწრაფესთან დაკავშირებით

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმე ერთ შემთხვევას ეხება და მტკიცებულებები ორივე საქმისთვის საერთოა, გამოძიება ჩატარდა, დევნა დაიწყო და სასამართლოში საქმე წარიმართა მხოლოდ ერთ საქმეზე, სადაც გიორგი მიქაუტაძე დაზარალებულია, ხოლო თამარ ხაჭაპურიძე ბრალდებული. ხოლო მეორე საქმე, სადაც შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის ბრალეული მოქმედება იკვეთებოდეს, თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი შვილის ცემის ფაქტზე, კვლავ გამოძიებაშია, სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და წელიწადნახევარია გამოძიება ჭიანურდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველმხრივ, სრულყოფილად და მიუკერძოებლად აწარმოოს გამოძიება.

თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეზე გიორგი მიქაუტაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად. შესაბამისად, მას არ ჰქონია შეზღუდული საქმის მასალების გაცნობის, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის საქმეზე ბავშვი არ არის ცნობილი დაზარალებულად, თამარ ხაჭაპურიძეს ხელი არ მიუწვდება მისი შვილის ცემის საქმესთან დაკავშირებულ მასალებზე, არ აქვს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, საიას ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საქმეზე გიორგი მიქაუტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის. აღნიშნული გარემოებებიც მიანიშნებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

სამართლებრივად გაუმართავია თამარ ხაჭაპურიძისთვის ბრალის წარდგენა დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენის საფუძვლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიების ვერსიით, თამარ ხაჭაპურიძემ დანაშაული ჩაიდინა იმის გამო, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს მოსამართლე მიქაუტაძემ სასამართლოში მისი საქმე განიხილა. გამოძიების ვერსიის გათვალისწინების შემთხვევაში, მაშინაც კი თუ ხაჭაპურიძემ ჩაიდინა დანაშაული მოსამართლე მიქაუტაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, სამართლებრივად გაუმართავია თამარ ხაჭაპურიძის მიერ დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული უნდა ატარებდეს ურთიერთშეთანხმებად ხასიათს საერთო მიზნის მისაღწევად.

საქმის მასალების მიხედვით, თამარ ხაჭაპურიძის მეუღლე მას შემდეგ ჩაერთო კონფლიქტში, როდესაც ურთიერთობა დაიძაბა მოსამართლე მიქაუტაძესა და თამარ ხაჭაპურიძეს შორის, შესაბამისად, კახაბერ ხაჩიძის ქმედებები მიმართული არ ყოფილა მოსამართლის მიერ განხილულ საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, კახაბერ ხაჩიძის ქმედება არ ჯდება სსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფარგლებში. მის მიერ განხორციელებული ქმედების სსკ-ის 365-ე მუხლით კვალიფიკაციამ გამოიწვია ქმედების დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა. კერძოდ, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენა. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს თამარ ხაჭაპურიძისა და მისი მეუღლის მიმართ მოსალოდნელი სასჯელის გამკაცრებას.

თამარ ხაჭაპურიძეს უკანონოდ ეზღუდება უფლება საქმეზე მოიპოვოს მისთვის სასარგებლო მტკიცებულება. პროკურატურის მხრიდან იკვეთება ხარვეზები გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად მიმართვისა, პროკურორმა დაუსაბუთებლად უთხრა უარი თამარ ხაჭაპურიძეს ექსპერტიზის დასკვნის გადაცემაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მის შვილს მიღებული აქვს ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული მტკიცებულება არც პროკურატურამ დაურთო თამარ ხაჭაპურიძის ბრალდების საქმეს. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევას. ბრალდების მხარე ვალდებულია დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები. ხოლო საქმის მწარმოებელი გამომძიებელი/პროკურორი ვალდებულნი არიან გამოძიება აწარმოონ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

გიორგი მიქაუტაძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ყოფნის პერიოდში თამარ ხაჭაპურიძის საქმის განმხილველი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი უვადოდ იქნა დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე ისე, რომ არც გიორგი მიქაუტაძემ და არც ხვიჩა კიკილაშვილმა არ უზრუნველყვეს არსებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.

2018 წლის 22 თებერვალს თამარ ხაჭაპურიძის საქმის განმხილველი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. არც ხვიჩა კიკილაშვილს და არც გიორგი მიქაუტაძეს აღნიშნულ პროცესში არ განუცხადებიათ აცილების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა. გიორგი მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ხვიჩა კიკილაშვილთან დახურულ გასაუბრებაში. მხოლოდ ამ ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ, რომ მან ინტერესთა კონფლიქტის გამო ხვიჩა კიკილაშვილის დანიშვნის შესახებ კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. აღნიშნულმა გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიორგი მიქაუტაძე შესაძლოა გავლენას ახდენდეს საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ხოლო ხვიჩა კიკილაშვილი ექცეოდეს აღნიშნული გავლენის ქვეშ. 

გიორგი მიქაუტაძე მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე.

საზოგადოებაში მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემაში მოქმედებს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც არასათანადო გავლენას ახდენს სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია 38 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კამპანია სახელწოდებით „მინდა ვენდო სასამართლოს“, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა არის სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის დაშლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოიაზრება აღნიშნული გავლენიანი ჯგუფის წევრად, რაც ძირს უთხრის გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო განხილვებისადმი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულისა და საზოგადოების ნდობას და აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას.

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჭიანურდება.

თამარ ხაჭაპურიძის შვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება წელიწადნახევარია ჭიანურდება. სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ფიგურირებს მოსამართლე, გამოძიების ამგვარი გაჭიანურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ მოსამართლის დამოუკიდებლობას, მით უფრო, როცა აღნიშნული მოსამართლე იკავებს სასამართლო ხელისუფლებაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას - არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხოლო 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა მოსამართლის უფლებამოსილებებისა, გიორგი მიქაუტაძეს აქვს ბევრი სხვა უფლებამოსილება, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან, ინდივიდუალური მოსამართლეების საქმიანობასთან.

 

სხვა სიახლეები