სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებების დაცვას განაგრძობს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 20 პირის საქმეში. ამათგან, 18 - სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას, ხოლო 2 პირს ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მათი ასოცირება თანმხლები პირების და სხვადასხვა აქსესუარების გამო, ლგბტ+ ჯგუფთან მოხდა.
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების საფუძველზე, ამ დროისთვის იმ პირებიდან, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს 15 პირია დაზარალებულად ცნობილი. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოს ამ დრომდე არ მოუხდენია ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული ორგანიზატორთან მიმართებით.
უახლოეს დღეებში საიას ადვოკატი გაეცნობა დაზარალებულების სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს სრულყოფილად შევაფასოთ გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობა. ამ დროისათვის იკვეთება, რომ საგამოძიებო ორგანო არ ჩქარობს დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის, მათ შორის ორგანიზატორების, იდენტიფიცირებას და მათთვის ბრალის წარდგენას.
საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს:
- საგამოძიებო პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ სრულად იქნენ იდენტიფიცირებულნი არამხოლოდ ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულებრივ ქმედებებში, ასევე მოხდეს ყველა ორგანიზატორის დადგენა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ჯეროვნად განხორციელება;
- დაიწყოს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების და რიგითი პოლიციელების ქმედებების შესაფასებლად. კერძოდ, შეფასდეს რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება და მოქმედებები, მოვლენების ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად/აღსაკვეთად.
გააზიარე: