GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

21 ოქტომბერი, 2016

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებს (ა(ა)იპ) ეხება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შემაშფოთებლად მიაჩნია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ასახულ ის ინფორმაცია, რომელიც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით არის ასახული.

კერძოდ, დასკვნის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით 16% იზრდება და  ერთი მილიარდ 700 მილიონს უტოლდება. კიდევ უფრო მეტს შეადგენს გადასახდელების მოცულობა, რომელიც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებით 17% უნდა გაიზარდოს და ერთი მილიარდ 860 მილიონს მიაღწიოს.

საყურადღებოა ისიც, რომ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და აღნიშნული ციფრი 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სანაცვლოდ, 19 მილიონი ლარით მცირდება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული წყაროებიდან მისაღები შემოსულობების გეგმიური მაჩვენებელი, რომელიც 2,3% ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებლებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი რომელიც სსიპ-სა ა(ა)იპ-ში, შრომის ანაზღაურების მიმართულებით გასაწევ ხარჯს ეხება. გარდა იმისა, რომ შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი 716 მილიონ ლარს შეადგენს და 30 მილიონით მეტია 2016 წლის ანალოგიურ ხარჯზე, წარმოდგენილი კანონის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას სსიპ-სა ა(ა)იპ-ებში შტატით და შტატგარეშე წესით გათვალისწინებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ პროექტზე წარმოდგენილი დასკვნის და ზემოთ მოყვანილ გარემოებებიდან გამომდინარე გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

 - სსიპ-სა და ა(ა)იპ-ების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახული ინფორმაცითაც დასტურდება. ამ ფონზე დაფინანსების გაზრდა კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას საჯარო ფინანსების შესაძლო არარაციონალური ხარჯვის თაობაზე;

- პრაქტიკულად არ არსებობს, ან ეფექტურად არ მუშაობს, აღნიშნული იურიდიული პირების მხრიდან დამფუძნებლების წინაშე ანგარიშვალდებულება (ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს ადგილობრივი თვიმმართველობების  მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ეთან მიმართებაში);

- კვლავაც გამოწვევად რჩება სრულყოფილი ინფორმაცია სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის და აღნიშნული რაოდენობის საჭიროების შესახებ. შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ დგება დღის წესრიგში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა და რას უკავშირდება შრომის ანაზღაურების ზრდის საჭიროება.

საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაითვალისწინონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ - ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ’’ პროექტის დასკვნაში, სსიპ-სა და ა(ა)იპ-თან მიმართებით წარმოდგენილი რეკომენდაციები და  მაქსიმალურად სრულად და ამომწურავად წარმოადგინონ ინფორმაცია, სსიპ-ს და ა(ა)იპ-ს დაფინანსებასთან/შემოსავლებთან დაკავშირებით.

სხვა სიახლეები