სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

,,რუსული კანონის“ დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

2024-05-16 15:10
Featured image

12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაზარალებული პირების უფლებების დაცვას. საპროტესტო აქციების მუხტის შესუსტებისა და აქტივისტების დასჯის მიზნით, ხელისუფლება განაგრძობს არაპროპორციული ძალის გამოყენების, მასობრივი დაკავებების, არაადამიანური მოპყრობის და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკას.

15 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 189 პირის შესახებ. ასევე, მოგვმართა 30-მდე მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომლებსაც აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული), 150-ე, 150 (1), 150 (2) (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება და მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) და 174 (1)-ე (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების საფუძველზე. პარალელურად, ჩვენი ინფორმაციით, 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში აქვს ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდება უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. რამდენიმე  შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება მოუწია. 

პრობლემურია, იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რადგან დროულად ვერ ხდება მათი ადგილსამყოფელის დადგენა ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან. რამდენიმე შემთხვევაში,  დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულებისას დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა. ამასთან, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების მხრიდან არ ხდება დაზიანებების დეტალური აღრიცხვა, რაც პრობლემურია მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის.

დაკავებული აქციის მონაწილეთა რაოდენობის, სხეულზე მიყენებული დაზიანებებისა და მათი მონათხრობის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც წახალისებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, სადაც დაწყებულია გამოძიება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. თუმცა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება ამ დრომდე არ არის ინფორმირებული.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე აქციებზე მობილიზებული არცერთი პოლიციელი არ ატარებს განმასხვავებელ ნიშანს, მათი უმეტესობა არის შენიღბული, რითაც მნიშვნელოვნად რთულდება დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება (იხ. ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, nos. 13186/20, პარაგრაფი 223). საგანგაშოა, რომ ამ ადამიანის უფლებათა შეუსაბამო პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება.

შემაშფოთებელია, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებადია და მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება ადასტურებს. მსგავს ფაქტებზე დაგვიანებული რეაგირება მაშინ, როდესაც იმთავითვე ნათელია სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი, სამართალდამცავებში ახალისებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას.

 

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

●    უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე;

● არ შეუშალოს ხელი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაში.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

● უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო თვითნებური დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით;

● მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ;

● დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი იმ პირებს, რომლებსაც აპრილი-მაისის პერიოდში საპროტესტო აქციებზე გამოყენებული საპოლიციო მოქმედებების შედეგად მიადგათ ზიანი. 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას:

●      განახორციელოს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება და სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც არაერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული.


არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირების უფლებების დაცვას. 

 

კი ევროპას, არა რუსულ კანონს!


სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო (RG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)