სიახლეები
საიამ ყოფილი საჯარო მოხელის, მაცაცო ტეფნაძის სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილების, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანების იმ ნორმებს, რაც არეგულირებს მოხელის შეფასების თაობაზე საჩივრის განხილვას. მოსარჩელემ, რომელიც დასაქმებული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება. მოსარჩელემ ეს შეფასება გაასაჩივრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში. ეს უკანასკნელი, მთავრობის დადგენილების და მინისტრის ბრძანების საფუძველზე, არის საბოლოო ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მოხელის შეფასებასთან დაკავშირებით. საპრეტენზიო კომისიამ ძალაში დატოვა არადამაკმაყოფილებელი შეფასება, რის გამოც მოსარჩელე მინისტრმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან (მოსარჩელისათვის ეს იყო განმეორებით მიცემული არადამაკმაყოფილებელი შეფასება).
მოსარჩელე არის პროფესიით ეკონომისტი. სამინისტროში მოსარჩელე დასაქმებული იყო საკუთარი სპეციალობით. საპრეტენზიო კომისიის ოთხი წევრიდან ერთი იყო სოციოლოგი, მეორე იურისტი, მესამე ისტორიკოსი და მეოთხე ფილოლოგი. კომისიის არც ერთ წევრს არ ჰქონდა განათლება ეკონომიკის სფეროში, რაშიც მოსარჩელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდნენ. არც მთავრობის გასაჩივრებული დადგენილება, არც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ბრძანება არ ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო მოხელის საბოლოო შემფასებლებს თავად ჰქონდეთ კვალიფიკაცია იმ სფეროში, რაშიც საჯარო მოხელეს აფასებენ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. სამართლიანად ვერ შეფასდება ისეთი განხილვა, როცა ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამის თანამდებობის პირს არა აქვს კვალიფიკაცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების თანახმად, საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. კონსტიტუციის ეს ნორმა ადგენს პროცედურულ გარანტიებს, რაც საჯარო მოხელეს იცავს თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან. საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებს.
გააზიარე: