სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

რა განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელზე?

2018-10-20 12:58
Featured image

19 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შესაცვლელად საიას მიერ წარდგენილ ერთ-ერთ საქმეზე (,,დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 

საია ასაჩივრებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე და 272-ე მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმების თანახმად, ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ საჩივრდებოდა. საია მიიჩნევდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, პირს უნდა ჰქონოდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების ორი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა კი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული სააპელაციო წესით გასაჩივრების შეზღუდვა იმ შემთხვევებში, როდესაც: 

1. დადგენილება გამოტანილია მძიმე სამართალდარღვევის ჩადენისთვის (ქმედება სანქციის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას), მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სანქციის სახით გამოიყენა ჯარიმა. ამგვარი გადაცდომების მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, როდესაც შინაგან საქმეთა ორგანოები უფლებამოსილნი არიან, სახდელის სახით, თავად შეუფარდონ ჯარიმა ან მართვის უფლების შეჩერება (123-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მიზნით, პირი წარადგინონ სასამართლოში. 

სასამართლოს განმარტებით, პირის ლეგიტიმური ინტერესი - გაასაჩივროს გადაწყვეტილება, დამოკიდებულია ქმედების სიმძიმეზე, რომლის ჩადენისთვისაც იქნა პირი სამართალდამრღვევად ცნობილი და არა იმაზე, კონკრეტულ შემთხვევაში რომელი სანქცია იქნება გამოყენებული მის მიმართ. დავის ფარგლებში მძიმე სამართალდარღვევებად საკონსტიტუციო სასამართლომ იმგვარი გადაცდომები მიიჩნია, რომლისათვისაც სანქციის სახით პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მსგავსად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა სანქციაც აღწევდეს უფლების შეზღუდვის ინტენსივობის იმ ხარისხს, რომელიც საკმარისია შემადგენლობის მძიმე სამართალდარღვევად მიჩნევისათვის, თუმცა, სასამართლოს ამგვარი სამართალდარღვევების იდენტიფიცირება მოცემული დავის ფარგლებში არ მოუხდენია; 

 

2. ერთი ინსტანციის სასამართლოები განსხვავებულად განმარტავენ ნორმებს. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო წესით გასაჩივრება უნდა იყოს დაშვებული მიუხედავად სამართალდარღვევის სიმძიმისა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აპელაციის დაუშვებლობა იმ პირობებში, როდესაც ერთი ინსტანციის სასამართლოები ნორმებს განსხვავებულად განმარტავენ, სააპელაციო მექანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე უარის თქმას უთანაბრდება. ამ პირობებში, ფაქტობრივად, სახეზეა კანონის განმარტებისა და გამოყენების კრიზისული სიტუაცია, რომლის გამოსწორების ყველაზე ეფექტური გზა არის აპელაცია. სასამართლოს გადატვირთულობისაგან დაცვის არგუმენტი ვერ გაამართლებს გასაჩივრების შეზღუდვას იმ პირობებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. ზოგადად, სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის მთავარი მიზანია მისი ფუნდამენტური ფუნქციის ეფექტურად შესრულების უზრუნველყოფა და არა პირიქით, ამ ფუნქციებზე უარის თქმაა“.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი. 

საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საიას პროგრესულ ნაბიჯად მიაჩნია მძიმე სამართალდარღვევების ცალკე გამოყოფა და მოუწოდებს პარლამენტს სათანადო საპროცესო დაცვის გარანტიები გაითვალისწინოს მძიმე სამართალდარღვევისათვის და გაატაროს მრავალჯერ გადადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმა.