სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა 2022 წლის 14 მარტს ყოველწლიური მოხსენების ფორმატით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, სადაც აღნიშნა, რომ მან წერილობითი უარი მიიღო მთავრობისგან, განეხორციელებინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში.[1] Მისი ეს მოთხოვნა ემსახურებოდა საქართველოს პოზიციონირებას ევროინტეგრაციის მიმართულებით; უარის მიღების შემდეგ, მან გამოიყენა პირადი კონტაქტები ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების გასამართად.[2]
2022 წლის 15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეხმიანებოდა პრეზიდენტის მოხსენებას.[3] მმართველი პარტიის განცხადებით: (1) თანხმობის გარეშე პირადი ვიზიტების ორგანიზებით, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და გასცდა მისი კომპეტენციის ფარგლებს საგარეო ურთიერთობების სფეროში; (2) სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა უარი ელჩების დანიშვნაზე, რაც ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაეს კანონთან.
საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს თითოეულ კონსტიტუციურ ორგანოს, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.[4] მართალია, წარმომადგენლობითი უფლების განხორციელება, პრეზიდენტის მხრიდან, მთავრობისგან მიღებული უარის პირობებში, პროცედურულად არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება პასუხობდა საზოგადოების მოთხოვნას საქართველოს მკაფიო პოზიციონირებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და ევროინტეგრაციის საკითხების გარშემო. სამწუხაროა, რომ დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, პრეზიდენტმა მთავრობისგან უარი მიიღო ასეთი მნიშვნელობის შეხვედრების ჩატარებაზე, კაბინეტის მხრიდან ყოველგვარი გონივრული დასაბუთების გარეშე.[5] სანაცვლოდ, საჯაროდ არ გაჟღერებულა სხვა სახელმწიფო ორგანოს მხრიდან მსგავსი დონის შეხვედრების გამართვის ინიციატივა.
ამავე განცხადებაში, „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოში იდავებს მასსა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციის გამიჯვნაზე ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით, რადგან, მათი განმარტებით, პრეზიდენტის ამ პროცესში ჩართულობა „სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილებაა“.[6]
უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში შექმნილი შეხედულების საპირისპიროდ, მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული დავა არ წარმოადგენს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.[7]აქტს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა და მასზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.[8]
ამ საკითხზე დავის დაწყების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ორგანოს უფლებამოსილების, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ ელჩის დანიშვნაზე უარის თქმის კომპეტენციის საკითხს.[9] მთავრობის პოტენციური სარჩელის მოპასუხე იქნება საქართველოს პარლამენტი, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს ელჩის დანიშვნის საკითხს.[10] შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გაასაჩივრებს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმის ან ნორმების იმ შინაარსს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.
საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა პაკეტი გამომდინარეობს მისი სტატუსიდან, რომლის მიხედვითაც ის არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.[11]
კონსტიტუციაში პრეზიდენტისთვის განსაზღვრული კომპეტენცია, დანიშნოს ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, მოიცავს მის უფლებას, შეაფასოს მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურები და თავად გადაწყვიტოს, გამოსცეს თუ არა დანიშვნის აქტი, რაც განამტკიცებს ხელისუფლების ორგანოთა შორის შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპს.
საიას მოსაზრებით, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს 15 მარტის შეფასებები პირდაპირ უკავშირდება პრეზიდენტის მიერ მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას,[12] 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას,[13] სალომე ზურაბიშვილის საჯარო და ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.[14] ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტი პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს უკრაინის დროებითი რწმუნებულის პლენარულ სხდომათა დარბაზში მათთან შეუთანხმებლად მიწვევის გამო.[15]
ორგანიზაციის აზრით, ქართული ოცნების განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების საპასუხოდ, მმართველ პარტიას სურს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სცადოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვა.
ქართული ოცნების განცხადება ემსახურება სალომე ზურაბიშვილის დასჯას მისი პოზიციონირების გამო, რაც აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და აფერხებს საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე.
[1] „საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება“, საქართველოს პარლამენტის Facebook-ის გვერდი, 2022 წლის 14 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37rt8fT, განახლებულია: 15.03.2022.
[2] იქვე.
[3] „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" Facebook-ის გვერდი, 2022 წლის 15 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CRP4wr, განახლებულია: 15.03.2022.
[4] საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.
[5] „ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ უშვებდნენ პრეზიდენტს ევროპაში“, საინფორმაციო პორტალი „netgazeti.ge”, 2022 წლის 15 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3q6QOwJ, განახლებულია: 15.03.2022.
[6] „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, 2022 წლის 15 მარტი.
[7] საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
[8] იქვე, 53-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[9] იქვე, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
[10] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
[11] საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტი.
[12] საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 24 თებერვლის განკარგულება „საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის 2022 წლის 25 თებერვალს მოწვევის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/23686, განახლებულია: 15.03.2022.
[13] „სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარსდგება“, საინფორმაციო პორტალი „ინტერპრესნიუსი“, 2022 წლის 2 მარტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tYEakC, განახლებულია: 15.03.2022.
[14] „საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება“, საქართველოს პარლამენტის Facebook-ის გვერდი, 2022 წლის 14 მარტი.
[15] იხ. დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადება, „საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება“, საქართველოს პარლამენტის Facebook-ის გვერდი, 2022 წლის 14 მარტი.
გააზიარე: