სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი. COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაგვიკავშირდა, ვიდრე სხვა დროს. საერთაშორისო გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს.
საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული ზომები ამცირებს მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგოებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
მსხვერპლებისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს ისიც, რომ პანდემიის გამო პრობაციონერები (მათ შორის ისინი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის), თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია:
- მიღებულ იქნას დროებითი პროცედურები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს მსხვერპლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადვოკატის ჩართულობით დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცენ ჩვენება/ახსნა-განმარტება.
- შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს იმ წესების ადაპტირება, რომელიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს.
- სადაც ეს შესაძლებელია - დისტანციურად მოხდეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში.
ასევე, მივმართავთ:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს - გააკეთონ მკაფიო საჯარო მოწოდებები, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - გაააქტიუროს საჯარო კომუნიკაცია იმ სერვისების შესახებ, რომლითაც მსხვერპლებს შეეძლებათ ისარგებლონ, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზეც. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:00-6:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება.
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიიღოს (ან არსებობის შემთხვევაში - გამოაქვეყნოს) პროტოკოლი, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ ხდება თავშესაფარში მყოფ და ახალმისულ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მშობლის დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ ხორციელდება თავშესაფარში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა.
- იუსტიციის სამინისტროს - განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირების მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იმ პრობაციონერთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
კავშირი ,,საფარი“
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
გააზიარე: