სიახლეები
2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა.
მიზნის მისაღწევად, კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტები), მიმოხილული იქნება საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე, მოხდება პრაქტიკის შესწავლა ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების თაობაზე. კვლევა ეტაპობრივად, 2016-2018 საარჩევნო წლების ჭრილში განხორციელდება.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი ძირითადი მიგნებები და გამოწვევები:
- 2017 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საქართველოში ვერ მიიღწევა;
- 2017 წლის არჩევნების შედეგად, ქალთა რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა და 13.46% შეადგინა;
- 64 არჩეული მერიდან მხოლოდ ერთი მერია ქალი (1.56%);
- 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას, რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა (8%) პროპორციულთან (19.59%) შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია;
- 64 საკრებულოდან 22 საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული ქალების რაოდენობა არის 0.
- ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პრობლემას წარმოადგენს პარტიების მხრიდან მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატებად წარუდგენლობა და არა - ამომრჩევლის მხრიდან ქალი კანდიდატების მხარდაჭერა. თუ პარტია წარადგენს ქალ კანდიდატს, ამომრჩეველი მას მხარს უჭერს, მაგალითად, ნინოწმინდაში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თვითმმართველ ერთეულში მერად არჩეული იყო ქალი.
- გენდერული დანამატი, რომელსაც პოლიტიკური პარტიები იღებენ, ხშირად არ გამოიყენება პარტიაში ქალთა გაძლიერებისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 18 პოლიტიკური პარტიიდან გენდერულ დანამატად იღებს 15 პოლიტიკური პარტია, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდენობა კვლავ ძალიან დაბალია;
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის -„საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის“ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
- წამახალისებელი ნორმის ხარვეზი, კერძოდ, ათეულში ქალების პოზიციონირების არარსებობა, ვერ უზრუნველყოფს ქალთა რაოდენობის ზრდას დაფინანსების პროპორციულად. ხშირად ვხვდებით ქალებს მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციებზე, რაც მათ შანსს არ აძლევს, მოხვდნენ გამსვლელთა რიგებში, განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც საკრებულოში სულ 15 ადამიანია ასარჩევი და გამსვლელ პარტიებს 5 ადამიანზე მეტი ვერ გაჰყავთ;
- რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ქალთა რაოდენობა პოლიტიკაში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მათ რეგიონში, არის საშუალო (53.5%) ან დაბალი (31.4%), თუმცა, საკუთარ პარტიებში ისინი ამას ვერ ხედავენ და ფიქრობენ, რომ ქალთა რაოდენობა არის საშუალო ან მაღალი;
- რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა 73.3% მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით;
- რეგიონში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა 87% ისურვებდა მეტ ქალს საკუთარი რაიონის საკრებულოში.
გააზიარე: