GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 სექტემბერი, 2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმიანებიან  2023 წლის 9 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს. 2023 წლის 9 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემაში, “ნოდარ მელაძის შაბათი”, გასულ სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ,პირადი მიზნებისთვის გამოიყენა საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავი.  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი, ამავე სიუჟეტში განმარტავს,  რომ საქართველოს მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავის  მომსახურების შეკვეთა „ჯორჯიან ეარვეისმა”2023 წლის 19 აგვისტოს მიიღო, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან.

ამავე საკითხზე 9 სექტემბერს განმარტება გააკეთა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ, და აღნიშნა, რომ „[...] თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და, რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ან კერძო პირის მიერ.

აღნიშნულს წინ უსწრებდა 6 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის, ნინო გიორგობიანის, განცხადება, რომლის მიხედვითაც „მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.“ იქვე, გიორგობიანმა საზოგადოებას მოუწოდა დალოდებოდნენ პრემიერ მინისტრის შემდეგი (2024 წლის) დეკლარაციის გამოქვეყნებას.

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი:

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და  2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის[1]  გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და  სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო. 

აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს  არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის  თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს.   კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს. 

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია პირველის გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს  გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი  ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. 

ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საფარი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

დემოკრატიის მცველები

 


[1] ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია, 29.10.2022, ხელმისაწვდომია: chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/143145, [10.09.2023]. 

სხვა სიახლეები