სიახლეები
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის საკასაცო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ბათილად ცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და საქართველოს პარლამენტს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება. მოსარჩელე უთითებდა, რომ სამუშაო ადგილას მისმიმართ შექმნილი იყო მტრული სამუშაო გარემო და იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას სურდა ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, ხოლო თუ მას არ მისცემდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლებას, ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. ანაზღაურების გარეშე 1 წლამდე ვადით შვებულების გამოყენების უფლებას მას ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა მას არ მისცა კანონით გათვალისწინებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლა.
გათავისუფლებული თანამშრომლის უფლებებს სასამართლოში საია იცავდა.
გააზიარე: