სიახლეები
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ,,გააღვიძე ოლიგარქის“ აქციის მონაწილეები ხმაურის გამო სამართალდამრღვევებად მიიჩნია და სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილება საგანგაშოა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეგულირების თვალსაზრისით და ქმნის სახელმწიფოს მიერ გამოხატვის ფორმის და შინაარსის გაუმართლებელი რეგულირების საშიშ პრეცედენტს.
სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან აქციის მონაწილეების მიზანი ხმაური იყო, მათი შეკრება არ იყო ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცული. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა რა თქმა უნდა შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს“.
ამ გადაწყვეტილებით იქმნება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის საშიში პრეცედენტი. ოზურგეთის რაიონული სასამართლო განსაზღვრავს საკითხებს, რომელზე პროტესტის გამოთქმა არ არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამით სახელმწიფო ფაქტობრივად ეუბნება მოქალაქეს, თუ რა საკითხებზე ილაპარაკოს და რა იდეებისა და მოსაზრების გამოხატვისაგან შეიკავოს თავი იმისათვის, რათა არ დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას წარმოადგენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის“.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლით ამომწურავად არის განსაზღვრული შემთხვევები, როცა სახელმწიფოს აქვს შინაარსობრივი რეგულაციების დაწესების უფლება. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება: ა) ცილისწამებას; ბ) უხამსობას; გ) პირისპირ შეურაცხყოფას; დ) დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას; ე) მუქარას; ვ) პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას; ზ) რეკლამას, ტელეშოპინგს ან სპონსორობას; თ) სამხედრო მოსამსახურის, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის, წევრის ან თანამშრომლის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; ი) თავისუფლებააღკვეთილი ან თავისუფლებაშეზღუდული პირის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, შინაარსობრივი რეგულირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ თვალსაზრისობრივად ნეიტრალური, არადისკრიმინაციული შეზღუდვის სახით.
ამდენად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, გაუმართლებლად ახდენს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ კონტროლს და არღვევს შეკრების უფლებით მოსარგებლე პირების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. საია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
გააზიარე: