GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 ივლისი, 2019

2019 წლის 4 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კრძალავდა შენობიდან საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე. ამ საქმეში საია წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ ოზურგეთის ორგანიზაციის სამი აქტივისტის ინტერესებს, რომლებმაც 2015 წლის 15 სექტემბერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობის გასაპროტესტებლად კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შენობიდან გამოფინეს ბანერი წარწერით „მატყუარა მთავრობა.“ მაშინ ბანერი დაუყოვნებლივ იქნა ჩამოხსნილი და აქტივისტები დაკავებულები.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე აქტივისტი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის (ბანერის განთავსება ისეთ ადგილას, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი). სასამართლომ აქტივისტებს გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად სცნო გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მესაკუთრეს ართმევს უფლებას, საკუთარი სახლის ფასადზე განათავსოს ბანერი დროებით, მერიის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმ პირის დასჯა საპროტესტო ბანერის დროებით შენობაზე დროებითი განთავსებისათვის, რომელიც ამას შენობის მესაკუთრის თანხმობით აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.    

სხვა სიახლეები