GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

24 დეკემბერი, 2019

2019 წლის 23 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა ნიკა მელიას კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც გასაჩივრებულია 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. ნიკა მელიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში მის ადვოკატთან, გიორგი კონდახიშვილთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. აღნიშნული განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რაც დაედო საფუძვლად ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას. 

პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც,  „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.“  საიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არასწორად განმარტა კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს თბილისის სააპელაციო ან უზენაესის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების და ნიკა მელიას გამართლების შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა მიეჩნია კანონიერ ძალაში შესულად. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას უდანაშაულოდ სცნობს სააპელაციო ან უზენაესმა სასამართლო, მას ვეღარ აღუდგება დეპუტატის უფლებამოსილება. ამით აზრი ეკარგება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას. იმავდროულად, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები რჩება აღუსრულებელი: ნიკა მელია გათავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან, დეპუტატის უფლებამოსილება მას სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაშიც არ აღუდგება. 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია უფლება სამართლიან სასამართლოზე. ეს უფლება გულისხმობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ ორ ძირითად პრინციპს, ვინაიდან აზრს უკარგავს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას, იმავდროულად, გამორიცხავს სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების აღსრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება  საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან ერთად არღვევს თანამდებობის დაკავების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებსაც. 

საკონსტიტუციო სასამართლოს, სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოსაგან განსხვავებით, აქვს უფლება, ძალადაკარგულად სცნოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილება მისი ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან (2019 წლის 12 დეკემბრიდან). შესაბამისად, ამ კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე პარლამენტის აღნიშნული დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას და  დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს. 

 

სხვა სიახლეები