GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 ივნისი, 2022

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაეცნო ე.წ რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიას და ზურა იაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს. მოცემულ საქმეზე საია ახორციელებდა სასამართლო სხდომების მონიტორინგს. 

საიას შეფასებით, სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის[1]გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც მიგვაჩნია, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქმედებაში არ იყო დანაშაულის ნიშნები.  

 

ე.წ 2015 წლის ეპიზოდი

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდში ბრალდების ნაწილში მოსამართლემ ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას მიმართ წარდგენილი ბრალის[2] კვალიფიკაცია შეცვალა. კახაბერ დამენია და ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში[3]. ამ ეპიზოდში, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ბრალად ედებოდათ 2015 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო შემოსავლების ხელოვნურად შემცირების გზით ტელეკომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენება.

მოცემული ეპიზოდის ფარგლებში ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ქმედებებზე საუბრისას მოსამართლე განმარტავს, რომ მათი მოტივაცია არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ქმედების შინაარსით არამედ არსებული წინაპირობებით. გარემოებებით და თანმდევი შედეგებით და აქვე საუბრობს გვარამიას, დამენიას და სხვების მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც უკავშირებს  შპს „ინტერ მედია-ს“ და „ინტერ მედია პლიუსით“ ჩანაცვლებას. ამასთანავე, აღნიშნავს რომ წინამდებარე ცვლილება შედიოდა არა „რუსთავი 2“-ის საწარმოს არამედ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის პირად ინტერესებში. მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით მოსამართლე განმარტავს, რომ წლის ბოლო კვარტალი (სექტემბერი-დეკემბერი) ტელევიზიებისთვის არის ყველაზე მომგებიანი პერიოდი, თუმცა 2015 წლის ბოლო კვარტალში რუსთავი 2-ის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, რასაც უკავშირებს კახაბერ დამენიას და ნიკა გვარამიას მიერ არსებული მიდგომის შეცვლას და „ინტერ მედია პლიუსიდან“ შემცირებული თანხის მოთხოვნას. აქვე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2015 წლის იანვარში შეიცვალა რეკლამის განთავსების წესი, რამაც გავლენა იქონია მანამდე არსებულ შედეგებზე, ხოლო აღნიშნულს, სასამართლო შეფასების გარეშე ტოვებს.

ამასთანავე, გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამიას განზრახული ჰქონდა ქიბარ ხალვაშის მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ რუსთავი 2-სთვის ზიანის მიყენება, რადგან მას გაუჩნდა ტელეკომპანიაში წილის მფლობელის ცვლილების გონივრული მოლოდინი, მაშინ როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი. ამასთანავე, სასამართლოს, ამ მსჯელობაზე დაყრდნობისას, არ უჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ არსებობდა ბრალდებულების მხრიდან ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენების განზრახვა, რატომ არ გაგრძელდა აღნიშნული განგრძობადად მომდევნო პერიოდებშიც, განსაკუთრებით სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, როდესაც რეალურად უნდა გაჩენილიყო ტელეკომპანიაში მესაკუთრის ცვლილების მოლოდინი და არა სარჩელის შეტანისას. 

ამავე ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო აფასებს მენეჯერული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, გვარამიას მიერ დადებულ ხელშეკრულებას და აღნიშნული ხელშეკრულების გავლენებს, რაც მიგვაჩნია რომ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონმდებლობით შესაფასებელ ქმედებას. საია-ს მოსაზრებით, 2015 წლის ხსენებულ პერიოდში რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, რეკლამის განთავსების წესის ცვლილება და მათი გავლენა კომპანიის მიერ შემოსავლის მიღებაზე სასამართლოს ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად არ აქვს შეფასებული, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ განაჩენი, ამ ეპიზოდთან მიმართებით ვერ აკმაყოფიულებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ე.წ ავტომანქანის ეპიზოდი 

სასამართლომ ხსენებულ ეპიზოდშიც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში[4] ცნო ნიკა გვარამია დამნაშავედ. ამ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას ბრალი ედებოდა იმაზე, რომ მან პირადი სარგებლობისთვის შეიძინა ავტომობილი შპს „პროესკო მედიასგან“ და თანხის ანაზღაურება ხდებოდა კონტრაქტორითვის რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის ანაზღაურების შემცირების ხარჯზე.

განაჩენის ამ ნაწილში მოსამართლის შეფასებები წინააღმდეგობრივია. განაჩენში,  მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით, მოსამართლე თავადვე აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, მაგრამ როგორც სასამართლო განმარტავს მან დანაშაულებრივი სქემა არჩია, რაც მიგვაჩნია, რომ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და შესაძლებელია შეფასდეს როგორც ალოგიკური მსჯელობა.. გაუგებარია, რატომ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულებრივი გზით იმის მიღების სურვილი რის მიღებაც მისი უფლებამოსილებას განეკუთვნება. აქვე აღსანიშნავია, რომ  სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კომპანიის დირექტორის მიერ საკუთარი თავისთვის პრემიის გაცემის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი ფორმით გაცემული. ამდენად ნიკა გვარამია პრემიის სახით მიიღებდა ავტომობილს, თუ ტელეკომპანიის სხვა აქტივით მოხდებოდა ავტომობილის საფასურის გადახდა, (როგორც სასამართლო განმარტავს, „დანაშაულებრივი სქემით“), „რუსთავი 2“- ისთვის  მატერიალურად იდენტური შედეგის მომტანი იყო და არ შეგვიძლია მივიჩნიოთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულად.

განაჩენში სასამართლო განმარტავს მხარეთა თანასწორობას-შეჯიბრობითობას და ამბობს, რომ მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრობითობის დროს სიტყვასიტყვით არ გულისხმობს  მათთვის მტკიცებულებათა წარმოდგენისთვის ზუსტად ერთნაირიდროის მიცემას, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობაზე, მოცულობაზე და სადავოობაზე, აქვე განმარტავს, რომ რადგან ბრალდების მხარის მიერ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი, დაცვის მხარის მხრიდან მათი სასამართლო სხდომაზე გამოკლევის მოთხოვნა სასამართლოს უქმნიდა საქმის გაჭიანურების ეჭვს... მტკიცებულებების გამოკვლევის და მათი უდავოდ მიჩნევის ნაწილზე სასამართლო რატომღაც არაფერს ამბობს კანონმდებლის იმ მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც სადაოდ არ ხდიან, მითითებული არ არის მხოლოდ ერთი, რომელიმე მხარის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხი და საჭიროებს ორივე მხარის შეთანხმებულ პოზიციას.[5] ამასთან  დაკავშირებით სასამართლოს პოზიცია კიდევ უფრო გაუგებარია, ერთის მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი  ბრალდების მხარეს ეკისრება, თუმცა მაინც  გამოთქვამს წუხილს, რომ დაცვის მხარემ არ უზრუნველყო ცალკეული მოწმეების გამოკითხვა და მათთვის დაცვის მხარისთვის სასურველი შეკითხვების დასმა და რომ დაცვის მხარის მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი წარმოადგენდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დუბლირებულ ვარიანტს. მეორე მხრივ, კი დაცვის მხარეს საჯარო სხდომაზე არ მისცა მისთვის კანონმდებლობით მიცემული შესაძლებლობის რეალიზების და თუნდაც ბრალდების მხარის ნუსხიდან დუბლირებული მოწმეთა პირდაპირი დაკითხვის წესით დაკითხვის შესაძლებლობა. 

ამასთან გაუგებარია, სასამართლოს მიერ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილში ბრალდების მხარის პოზიციების ადვოკატირება და იმაზე აპელირება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა საქმეებისგან განსხვავებით ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულისთვის მოითხოვა გირაოს შეფარდება და არა პატიმრობის, მაშინ როდესაც მოსამართლისთვის კარგად არის ცნობილი კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მიზნები და საფუძვლები.[6]

საყურადღებოა, სასამართლო მეგობრის პოზიციის კრიტიკისას მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლოს პირდაპირი მოვალეობაა,  სასამართლოს განაჩენი იყოს დასაბუთებული ეფუძნებოდეს კანონს და საქმეზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებს,თუმცა ამის მიუხედავად წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში არ გვხდება იმგვარი დასაბუთება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით[7] გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის  საფუძველი.

 

სასჯელის პროპორციულობა

სასჯელის პროპორციულობის ნაწილში სასამართლოს მსჯელობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია. სასამართლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე საპატიმრო სასჯელის გამოყენების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ბრალდებულს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით წინასწარ აქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ჯარიმას არ გადაიხდის. სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან თავის არიდების სამართლებრივ შედეგებს[8] ამავე კოდექსით დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისთვის ცალ-ცალკე, ამასთანავე სასჯელის დანიშვნისას მოსამართლემ  უნდა გაითვალისწინოს სასჯელის მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ ჯარიმის სახით 50 000 ლარის შეფარდებით ივარაუდა, რომ - მიუხედავად კომპანიისთვის მიყენებული მილიონიანი ზიანისა, რომელიც არ არის ანაზღაურებული სასჯელის სახედ განსაზღვრული ჯარიმა მოცემულ ნაწილში შესაბამისობაში იყო სასჯელის მიზნებთან ხოლო მეორე ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე, სადაც გვარამიას თვითონვე შეეძლო საკუთარი თავისთვის პრემიის სახით განესაზღვრა ავტომანქანის მიღება ამგვარი ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის სახე მიზანშეუწონლად მიიჩნია.  ამასთანავე, სასამართლომ სასჯელის სახით  ნაკლებად მკაცრი სასჯელის -  შინაპატიმრობის გამოყენებაზე საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნული ვერ დააზღვევდა ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, მაშინ როდესაც ნიკა გვარამია არ არის წარსულში ნასამართლევი და მოცემული საქმის განხილვის დროს, გირაოს პირობებში მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ან გირაოს პირობების დარღვევის ფაქტი არ დადასტურებულა.  გაუგებარია, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო იყო  დანაშაულის ჩადენის  ნაწილში შემაკავებელი ხასიათის სასჯელის სახით შეფარდებული თუნდაც შინაპატიმრობა რატომ ვერ მოახდენდა აღნიშნული რისკის დაზღვევას.

 

მოსამართლის აცილების საკითხი

ამ საქმის ირგვლივ არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მოსამართლის აცილებას შეეხებოდა, არც განაჩენშია პასუხი გაცემული. მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე, რაც უკავშირდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორთან ახლო მეგობრობას (რაც თავად მოსამართლემაც დაადასტურა) და ამ მიზეზით საქმის შედეგით სავარაუდო დაინტერესების ეჭვებს, მოსამართლემ განაჩენშიც დაუთმო ადგილი, თუმცა ვერ გააქარწყლა საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვები მისი მიკერძოებულობის თაობაზე. მოსამართლე განაჩენში აღნიშნავს, რომ აცილების მოთხოვნა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი სამართლებრივი წინაპირობიდან, ამასთან სხვა გარემოების არსებობა/არარსებობის ფაქტი, რომელმაც შესაძლოა საეჭვო გახადოს მოსამართლის ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, უპირობოდ არ დგინდება მხოლოდ დაცვის მხარის სურვილით, მოსაზრებით ან ჰიპოთეტური დაშვებებით და მინიმუმ უნდა აკმაყოფილებდეს რაიმე ფაქტობრივ გარემოებაზე დაფუძნებულ სტანდარტს.  

ამგვარი შეფასება აზრს მოკლებულია, მაშინ როდესაც კანონმდებლობა პირდაპირ უთითებს აცილების წინაპირობად - სხვა საეჭვო გარემოებაზე,[9] რაც საზოგადოების აღქმიდან უნდა შეეფასებინა სასამართლოს და არა პირადი ხედვიდან გამომდინარე.

მოსამართლემ არ შეხედა საკითხს საერთო კონტექსტით, დავიწროვდა და მიუთითა, რომ სასამართლოში მოწმე იკითხება მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რასთანაც მას ჰქონდა შემხებლობა სს საქმის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი მოწმემ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთადერთ საგამოძიებო მოქმედებაში - ამოღებაში.

მოსამართლემ  არ შეაფასა განაჩენის გამოტანის შედეგად, მისი მეგობრის ზ. გ.-ს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით შესაძლო ინტერესი, რასაც მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დაედოს საფუძვლად. ეს კი ჩრდილს აყენებს მთლიანად ამ საქმეზე მიმდინარე მართლმსაჯულებას.

 

 

 


[1] ე.წ. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ  განაჩენი დაადგინა.16.05.2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3aiqcnl.

[2] ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში, 06.09.2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wuOKkq.

[3] სსკ. მუხლი 220

[4] სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 220.

[5] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 73 (დ) და 220 -ე მუხლის პირველი ნაწილის  გ ქვეპუნქტი.

[6] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 198 (1).

[7] სსსკ-ის მუხლი 3 (13).

[8] სსკ მუხლი 42.

 

[9] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 59 (1-ე).

სხვა სიახლეები