სიახლეები
საიას მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 25 მაისს, 10:00 სთ-ზე, სსიპ - „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე პროცესი ჩანიშნა.
2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. უნდობლობის გამოცხადებამ გააჩინა განცდა, რომ მიღებული სადავო გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა. მაუწყებელში განვითარებულმა შემდგომმა მოვლენებმა ეს ეჭვები დაადასტურა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს წარდგენილი სარჩელით, ნათია კაპანაძე ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
გააზიარე: