GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 ივნისი, 2021

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.  

საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე თითქმის 1 წელია ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში რჩება. ზაზა გახელაძის პატიმრობა ცხინვალში ე.წ. საზღვრის კვეთის გამო ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების უკანონო ხელყოფის ყველაზე ხანგრძლივი და განგრძნობადი შემთხვევაა და საგანგაშო გამოცდილებას ქმნის. ხანგრძლივი პატიმრობისა და არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო.   

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მის სოფელში სხვილოს ისტორიულ ციხესთან რუსმა ჯარისკაცებმა დააკავეს, როცა ის სამეურნეო მიზნით ტყეში იყო გასული. დაკავების დროს ზაზა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს.  გახელაძეს დე-ფაქტოპროკურატურამ ბრალი დასდო საზღვრის უკანონო კვეთაში და სანადირო თოფის გასროლით სამხედროებზე თავდასხმაში, მათი სიცოცხლის მოსპობის მიზნით. მას სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედროების ჩვენებაც მიუთითებდა, რომ ზაზა გახელაძეს მათი მისამართით არ უსვრია,ცხინვალის სასამართლომ მის წინააღმდეგ მაინც უმძიმესი სასჯელი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ეს დე-ფაქტორეჟიმის მიერ გამოყენებული ყველაზე მძიმე სასჯელია ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებების მრავალწლიან პრაქტიკაში.  

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით მისი ოჯახისა და საზოგადოების შიშებს კიდევ უფრო ამძიმებს ცხინვალის იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალი რისკები. 2020 წლის აგვისტოში ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში სავარაუდოდ ცემის შედეგად გარდაიცვალა ბრალდებული ინალ ჯაბიევი და მისმა ოჯახმა ამ დრომდე ვერ მიაღწია სამართლიან მართლმსაჯულებას. აქვე უნდა აღინიშნოს  დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეები, რომლებიც სწორედ ცხინვალის დე-ფაქტორეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოხდა.    

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება 1 წელია მუდმივად უთითებს ყველა საერთაშორისო დიპლომატიური ინსტრუმენტის გამოყენებაზე ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით, აშკარაა, რომ ეს ზომები არ იძლევა უკანონო პატიმრის გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის შესაძლებლობას.  

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ოჯახის წევრებს წითელი ჯვრის დახმარებით პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულების შესაძლებლობა მიეცათ, 1 წლიანი უიმედო პატიმრობის გამო მათი შიში, უიმედობა და სასოწარკვეთა კიდევ უფრო გაღრმავდა.  ისინი უახლოეს დღეებში გეგმავენ მშვიდობიანი პროტესტის ფორმების გამოყენებას.   

აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ფორმატებში და ორმხრივი მოლაპარაკებების პირობებში ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი. მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, ზაზა გახელაძის ოჯახის ინტერესების დასაცავად ხელისუფლებას არ მიუმართავს არც საერთაშორისო სასამართლო მექანიზმებისთვის (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის).   

ცხადია, ჩვენ ვაცნობიერებთ, ოკუპაციის პირობებში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებების დაცვის სირთულეებს. თუმცა, კონკრეტულ ტერიტორიაზე რეალური კონტროლის არარსებობის მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფოს ეკისრება ყველა შესაძლო პოლიტიკური, დიპლომატიური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ღონისძიებების გატარების ვალდებულება, როგორც ზოგადად რეგიონის მცხოვრები ადამიანების, ისე კონკრეტული უფლებათა დარღევის მსხვერპლთან მიმართებით. 

სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის. მათ შორის, კონფლიქტების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს კონფლიქტის რეგიონებში მოქმედი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის, რეაგირებისა და პრევენციის ქმედითი ინსტრუმენტები იქნება. ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში  სათანადოდ არ არის დანახული დე-ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რაც ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დაცვის საკითხებზე რეგულარული დიალოგისა და მუშაობის ფორმატი იქნებოდა.   

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:  

- გააძლიეროს დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ზაზა გახელაძის დროული გათავისუფლების  ხელშეწყობის მიზნით;  

- შექმნას ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან კომუნიკაციის ხაზები ზაზა გახელაძის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელშეუხებლობის გარანტირების და დროული გათავისუფლების მიზნით;  

- შეიმუშავოს კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო პრაქტიკებს და უკვე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნება.   

 

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

უფლებები საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ღია საზოგადოების ფონდი-საქართველო​

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა სიახლეები